ახალი ამბები

დვალი და აქიმიძე: რუსთავი 2-ის გადანაწილება ენმ-ის ორ ფრთასა და “ოცნებას” შორის მიმდინარეობს

25 მარტი, 2017 • 3072
დვალი და აქიმიძე: რუსთავი 2-ის გადანაწილება ენმ-ის ორ ფრთასა და “ოცნებას” შორის მიმდინარეობს

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ავრცელებენ განცხადებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ რუსთავი ორის გადანაწილების პროცესში სამი მხარე, ორად გაყოფილი ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება არიან ჩართული, ქიბარ ხალვაშის აქტიური როლი კი არ იკვეთება.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ “ყოველგვარი ლაპარაკი სამართლიანობასა და დემოკრატიულ საზოგადოებაზე დარჩება სიყალბედ, სანამ რუსთავი-2 მის დამფუძნებლებს არ დაუბრუნდება”, თუმცა, არც ერთ მხარეს ეს არ სურს.

“2012 წელს, ხელისუფლების შეცვლისთანავე, ჩვენ – რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში საქმის გამოძიების მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღიძრა და უამრავი მოწმე დაიკითხა, პროკურატურა უკვე 5 წელია დუმს. ის არ გვაძლევს არანაირ დასკვნას იმის შესახებ, ჩაიდინეს თუ არა უმაღლესი თანამდებობის პირებმა რუსთავი 2-ის დამფუძნებლების წინააღმდეგ დანაშაული 2004 წელს. ნებისმიერი ადამიანი დაგვეთანხმება, რომ საქმის არნახული აქტუალობის ფონზე, სახელმწიფოს მხრიდან 5-წლიანი დუმილი იწვევს ბუნებრივ ეჭვს, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა დაინტერესებულია პროცესის მაქსიმალურად გაჭიანურებით ან სრულიად შეწყვეტით,”- აცხადებენ დვალი და აქიმიძე.

მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აქამდე საქმეს ჰქონდა ორი პოლუსი – ნაციონალურ მოძრაობა და რუსთავი 2-ის დამფუძნებლები. თუმცა,  ბოლო პერიოდში ახალი მოქმედი პირები გამოჩნდნენ:

“პირველ რიგში, სასამართლოში რუსთავი-2-ზე პრეტენზია განაცხადა შუალედურმა დროებითმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა. ჩვენ სრულიად არ გამოვრიცხავთ, რომ იგი მართლაც წარმოადგენდეს “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის მიერ უკანონოდ დროებით გამოყენებულ და შემდეგ ასევე უკანონოდ დაზარალებულ მხარეს. ამ მხრივ ჩვენ აბსოლუტურად თანავუგრძნობთ მას, ისევე, როგორც რეჟიმის სხვა უამრავ მსხვერპლს. მაგრამ ამავე დროს ყველამ უნდა გაიაზროს, რომ სამართლიანობის აღდგენა რუსთავი 2-ის საქმეში შეუძლებელია შემოიფარგლოს მხოლოდ შუალედური მფლობელის ინტერესების აღდგენით, მაშინ, როდესაც დანაშაულის პირველი მსხვერპლი სრულიად იგნორირებულია პოლიტიკოსებისა და სამართალდამცველების მიერ.

მეორე გარემოება, რომელმაც მოქმედი გმირების გამრავლება გამოიწვია, არის პროცესები “ნაცმოძრაობის” შიგნით, რამაც ამ მოძრაობის, მინიმუმ, ორ ფრთად გაყოფა გამოიწვია. სრული ინფორმაციის ფლობის გარეშე რთულია იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად არაფორმალურია ეს გაყოფა, თუმცაღა, ის ოფიციალურად გაფორმებულია. შესაბამისად, გასაგებია, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგებოდა რუსთავი-2-ის ამ ორი ძალის მიერ გაყოფის საკითხი.

და ბოლოს, რუსთავი-2-ის საქმეში დაინტერესებულ მხარედ აშკარად იკვეთება დღევანდელი მთავრობა. ამის უტყუარი საბუთი არის სწორედ ის, რომ უკვე 5 წელია პროკურატურა იგნორირებას უკეთებს დამფუძნებლების ლეგიტიმურ მოთხოვნას საქმის გამოძიების დასკვნის გამოქვეყნების შესახებ. ასევე ამას ადასტურებს დამფუძნებლების სრული იგნორირება მმართველი ძალის პოლიტიკოსების მიერ,”- აცხადებენ დვალი და აქიმიძე.

მათივე განცხადებით, ამ მოვლენებში ქიბარ ხალვაშის როლი აქტიურად არ იკვეთება და მოვლენები ძირითადად სამ მოქმედ პირს – ორად გაყოფილ ნაციონალური მოძრაობასა და ქართული ოცნებას შორის მიმდინარეობს.

“ნაც. მოძრაობის ორივე ფრთის სურვილი მარტივი გასაგებია: ორივეს სურს შეინარჩუნოს ტელევიზია საკუთარი პარტიული მიზნებისთვის.

რა სურს მთავრობას? მთავრობას სურს შეძლებისდაგვარად მართვადი ოპოზიციური ტელევიზია. რა თქმა უნდა, “ოცნებას” ესმის, რომ ამ სიტუაციაში რუსთავი-2-ზე სრული კონტროლის დამყარება გაუჭირდება და ალბათ არც იქმნიან ამის ილუზიას. მაგრამ ეს არც არის საჭირო, ვინაიდან “ოცნების” და ნაც. მოძრაობის ინტერესები ნაწილობრივ ემთხვევა.

საქმის ძირითადი არსი ისაა, რომ არც ერთ მხარეს არ სურს დამოუკიდებელი და ობიექტური ტელევიზიის არსებობა! რუსთავი-2-ის ფსევდოოპოზიციურ ტელევიზიად არსებობა მთავრობასაც ხელს აძლევს და ნაც. მოძრაობის ორივე ფრთასაც: ოპოზიციური ტელევიზია, განსაკუთრებით, თუკი ის არაობიექტურია, ერთი მხრივ, გამაღიზიანებელია ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის და მეორე მხრივ, მას ყოველთვის შეგიძლია დააბრალო, რომ ის მიკერძოებულია,”- აცხადებენ დვალი და აქიმიძე.

დვალისა და აქიმიძის განცხადებით, სამივე მხარეს ესმის, რომ ტელევიზიას მხოლოდ მაშინ აქვს შანსი იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, თუკი ის დამფუძნებლებს დაუბრუნდება.

“სწორედ ამ მიუკერძოებელი ტელევიზიის შიშით აიხსნება ის, რომ სამივე მხარე სრულ იგნორირებას უკეთებს დამფუძნებლებს. ამას გარდა, აშკარაა ფარული მცდელობა – საზოგადოებას შეუქმნან აზრი, თითქოს დამფუძნებლები ერთ ან მეორე მხარესთან არიან აფილირებული.

ამ ყველაფრის ფონზე რასთან გვაქვს დღეს საქმე? აშკარაა, რომ სამიდან, მინიმუმ, ორი მხარე, რომელშიც აუცილებლად იგულისხმება “ქართული ოცნება”, ერთმანეთს გაურიგდა ნაქურდალის კიდევ ერთხელ გადანაწილებაზე. ამ გარიგების ჩრდილოვანი ფინანსური მხარის მასშტაბები ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ რუსთავი-2-ის მოქმედი დირექტორის მიერ საჯაროდ გაჟღერებული მისთვის შეთავაზებული 10 მილიონიდან გამომდინარე. ამ გარიგებაში ყველაზე ცინიკური მოჩვენებითი დემოკრატიულობის ფასადის შექმნის მცდელობაა,”- აცხადებენ დვალი და აქიმიძე.

რაც შეეხება წილების თანამშრომლებზე გადანაწილების საკითხს, დვალი და აქიმიძე ამბობენ, რომ მათ ეს იდეა ჯერ კიდევ 2004 წელს ჰქონდათ. თანამშრომლებზე რუსთავის 2-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტვ საქართველოს წილის 51%-ის გადაცემის დღეს მიმდინარე პროცესს ისინი ფსევდოდემოკრატიულ პროცესად აფასებენ:

“მართლაცდა, ერთი შეხედვით, დემოკრატიულად გამოიყურება შეთავაზება, რომ წილები თანამშრომლებზე გადანაწილდეს. ამ სვლას, სავარაუდოდ, დაერთვება გარეშე მარეგულირებელი “მიუკერძოებელი” საბჭოს, ან ბორდის შექმნა, რაც შექმნის სრული დემოკრატიულობის ფასადს… ამ უკანონოდ ჩამორთმეული წილების მორიგი გადანაწილებით მივიღებთ შემდეგს: ტელევიზიას გააკონტროლებენ მხოლოდ თამაშის წესების მიმართ ლოიალური ადამიანები. ასევე დაკომპლექტდება ბორდი ლოიალური ფსევდოოპოზიციური “ინტელექტუალებით”, ვინაიდან შეუძლებელია საღად მოაზროვნე პატიოსანმა ადამიანმა აიღოს ნაქურდალიდან წილი, ან მონაწილობა მიიღოს ნაქურდალი ტელევიზიისთვის დემოკრატიული ფასადის შექმნაში. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო დიდი მორალური დანაშაულია, ვიდრე თვით ქურდობის ფაქტი. იმედს გამოვთქვამთ, რომ არც ერთი პატიოსანი ადამიანი არ შეუერთდება ამ ამორალურ გარიგებას და არ აუბნევს თავგზას ჩვენს საზოგადოებას, რომელსაც დღეს ფაქტობრივად წართმეული აქვს ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლება.

თანამშრომლებზე წილების გადანაწილების იდეა ჩვენ ჯერ კიდევ 2004-ში გვქონდა გაჟღერებული, რამაც საბოლოო ჯამში მხოლოდ დააჩქარა ჩვენთვის ტელევიზიის წართმევის პროცესი. იმდროინდელი მთავრობის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა კოლექტურად მართვადი დამოუკიდებელი ტელევიზიის არსებობა,”- აღნიშნულია დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი