ახალი ამბები

ელისაშვილი: სასამართლო არის ბესელიას ქუსლქვეშ გათელილი

20 მარტი, 2017 • 2599
ელისაშვილი: სასამართლო არის ბესელიას ქუსლქვეშ გათელილი

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის თქმით, თბილისის საქალაქოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მას ეკა ბესელიაზე გაკეთებული განცხადებების უარყოფა და 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

“ეს იყო ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილება. ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ მურუსიძეს, ნაზღაიძეს და ურთმელიძეს ღირსეული ამხანაგი გამოუჩნდა ქეთევან კუჭავას სახით. ეს არის მოსამართლე, რომელმაც ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო. ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ სასამართლო არის ბესელიას ქუსლქვეშ გათელილი, რაც არის გულდასაწყვეტი,” – ამბობს ელისაშვილი.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშანია ყველასთვის, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხილება აღარ გაბედონ:

“ამით უნდა იმის დემონსტრირება, რომ თუ ვინმე “ქართული ოცნების” მაღალჩინოსანს – ბესელიას, ან ვინმე სხვას ამხელს კორუფციაში, არანაირი შანსი არ ექნება, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. როგორი დამოკიდებულებაც ჩემ მიმართ გამოავლინა ხელისუფლებამ, უნდათ, რომ ნიშანი იყოს სხვებისთვისაც. უნდათ, რომ მე შემაშინონ, მაგრამ ძალიან ცდებიან. მე შეშინებას არ ვაპირებ. ჯერ სამართლებრივად ბოლომდე ვიბრძოლებ,  რომ ეს დავადასტურო.

ზოგადად ხელისუფლებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღეს ეკა ბესელიას სახე. მათი მორალური თუ პოლიტიკური სახე არის ეკა ბესელია, რომელსაც ჯიბეში ჰყავს ჩასმული პროკურატურა, სასამართლო და ვულოცავ “ქართულ ოცნებას”. 2012 წელს მოვიდნენ საოცარი დაპირებებით დემოკრატიაზე და გადაიქცნენ ეკა ბესელიად.” – აცხადებს ელისაშვილი.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალეკო ელისაშვილს ეკა ბესელიას წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების საჯაროდ უარყოფა და 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

საკრებულოს დეპუტატმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეზე გაკეთებული განცხადებები იმავე ეთერში უნდა უარყოს, სადაც პირველად გააკეთა განცხადება. ელისაშვილი ამბობდა, რომ “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულთა შეწყალების სანაცვლოდ ბესელია და კობახიძე თანხას იღებდნენ.

ეკა ბესელიას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან სასიამოვნოა:

“ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ამბავია. სასამართლო პროცესი ძალიან გვიან დაინიშნა, ერთი წელია ამ პროცესს ველოდები, მაგრამ ჩემთვის პრინციპული იყო ეს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, ალეკო ელისაშვილს უკვე მეორედ დაერქვა სახელი, ის არის ცილისმწამებელი. ეს თქვა გამოძიებამ და ეს თქვა სასამართლომ და მას დაევალა, მისთვის საყვარელ ტელეეთერში უარყოს ცილისმწამებლური განცხხადებები.”

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბესელია მორალური ზიანის სახით 20 500 ლარის ანაზღაურებას მოითხოვდა.

ბესელიას მიერ წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებას შეგებებული სარჩელით უპასუხა ალექსანდრე ელისაშვილმა და თავის მხრივ, მოითხოვა ეკა ბესელიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა.

“სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე ეკა ბესელიას მოთხოვნა სარჩელით სადავო განცხადებების იმ ნაწილის უარყოფასთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს მიერ მტკიცებითი ფორმით დანაშაულის შემცველი ინფორმაციის გავრცელებად შეფასდა. ამასთან, მოსარჩელე ეკა ბესელიამ შეძლო მის მიმართ გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობის დამტკიცება, იმავე საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგების სასამართლოში წარმოდგენის გზით. სასამართლომ, მორალური ზიანის ანაზღაურების პრევენციული დანიშნულებისა და უფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად უფლებაში ჩარევის თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიან და გონივრულ ოდენობად მიიჩნია და მორალური ზიანის სახით მოპასუხეს დააკისრა 1000 ლარის ანაზღაურება.” – აცხადებენ სასამართლოში.

ალეკო ელისაშვილის მიერ წარმოდგენილ სარჩელში მითითებული სადავო განცხადებები სასამართლომ მიიჩნია შეფასებით მსჯელობად, რიგ შემთხვევებში კომენტარად და პიროვნების მიმართ დამოკიდებულების გამოხატვად.

“ვინაიდან აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.”

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.


  • ალეკო ელისაშვილმა მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ პირველად საკუთარ ფეისბუკის გვერდზე 2015 წლის 7 დეკემბერს დაწერა; მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებაზე ისაუბრეს.
  • პროკურატურამ საქმეზე გამოძიება ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 339–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი)
  • როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ელისაშვილი საუბრობდა, რომ “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულთა შეწყალების სანაცვლოდ პოლიტიკოსებს წინასწარ აღებული ჰქონდათ 200 ათასი დოლარი და კიდევ 1.5 მილიონი უნდა აეღოთ.
  • 22 დეკემბერს ელისაშვილმა დააკონკრეტა, რომ მისგან  “კოკაინის საქმის” ფიგურანტების შეწყალებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ვიცესპიკერი მანანა კობახიძე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ითხოვდნენ.
  • “კოკაინის საქმის” ფიგურანტები კი კატეგორიულად უარყოფენ, რომ პოლიტიკოსებს ფული გადაუხადეს.
  • ელისაშვილის მტკიცებით, 2014 წელს, როდესაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე უამბო როგორც პრეზიდენტს, ასევე, მაშინდელ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს.
  • გიორგი გოგაძე, რომელიც ახლაც თანამდებობაზეა, ამბობს, რომ პოლიტიოსების მხრიდან ზეწოლის საკითხზე ელისაშვილს მასთან არასოდეს უსაუბრია,
  • პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის განცხადებით კი, პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ელისაშვილმა მართლაც წააკითხა მესიჯები, სადაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
  • პროკურატურა კი აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის მესიჯები ელისაშვილის მობილურზე არ აღმოჩნდა. მობილური ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.
  • ეკა ბესელიამ და მანანა კობახიძემ ელისაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი