15 დეკემბერს ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში საბერძნეთიდან ჩართვისას ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ნუგზარ ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულების შეწყალებულთა სიაში ჩასასმელად ფული არ გადაუხდია.
თუმცა მანვე განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს “კუდი” ამ საქმეზე მსჯავრებულების გამოსაშვებად 10 მილიონ ევროს სთხოვდა.
ბოჭორიშვილის განცხადებით, საკუთარ თავს განიხილავს, როგორც პოლიტიკური ნიშნით დევნილს და იმედიც ჰქონდა, პოლიტიკური ნიშნით დევნილთა სიაში მოხვდებოდა. პოლიტპატიმართა სია ქართული ოდნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეადგინეს. ამ სიის საბოლოო ვარიანტში “კოკაინის საქმეზე” ბრალდებულები არ მოხვედრილან.
“თავის დროზე მითხრეს, რომ მეორე ნაკადში მოვხვდებოდი. მე ჩემი ადვოკატების მეშვეობით მქონდა კონტაქტი მაშინ, კომისია იყო შექმნილი, კომიტეტებში განიხილებოდა. დაპირებით არავინ არ გვპირდებოდა, მაგრამ განსახილველად რომ მიაწვდიდნენ ჩვენს დოკუმენტაციას, ეს ჩვენ წარვადგინეთ დოკუმენტაცია, არ გაითვალისწინა პარლამენტმა და დავრჩით ასე,”– ამბობს ბოჭორიშვილი.
ბოჭორიშვილი ამბობს, რომ თუკი “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულების გამოსაშვებად ფული მართლაც გადაიხადა, მაშინ მისი ახლობლები: გიორგი ჩეჩელაშვილი, მევლუდ სვანიძე, ანასტასია ზაუტაშვილი და რომა მესუმიანი ციხეებში აღარ იქნებოდნენ.
იგი ასევე აცხადებს, რომ ე.წ. კოკაინის საქმე “შეთითხნილია” და მთავარ პროკურორს, ირალკი შოთაძეს მიმართავს, რომ საქმეს გადახედონ.
“მსგავსი შეთითხნილი საქმეებით სერიოზულ თანხებს სძალავდა მოქალაქეებს სააკაშვილის ხელისუფლება. ასე იყო ჩემს მიმართაც. დამირეკეს, მითხრეს, 10 მილიონი გადაიხადე და შეწყდება თქვენს მიმართ ყოველგვარი სისხლის სამართლის საქმის წარმოება. არის აუდიოჩანაწერებიც, რამდენჯერმდე დამირეკეს “კუდის” თანამშრომლებმა თოფურიძის დავალებით და მთხოვდნენ ჩემს პირად თავისუფლებაში 3 მილიონ ევროს და დანარჩენების მიმართ 10 მილიონ ევროს. როცა უარი ვთქვი გადახდაზე, ჩავიწერე ჩანაწერი და გავუშვი ტელეარხით, ამის შემდეგ ამიჯანყდნენ და ჩამძირეს ბოლომდე, ასე რომ ვთქვათ. ეს იყო ყველაფერი ფულის გამოძალვის გამო გაკთებული, მეტი არაფერი,”– განაცხადა ბოჭორიშვილმა.
გარდა ამისა, ბოჭორიშვილი მის მიმართ დევნას რესპუბლიკური პარტიის წევრობასაც უკავშირებს. მისი განცხადებით, პარტიას მატერიალურად ეხმარებოდა:
“დაფინანსებით, თანხებით და ჩემოდნებით არ მივდიოდი რესპუბლიკურ პარტიაში, მაგრამ შეძლებისდაგვარად, მე საბანკეტო დარბაზი გამაჩნდა ვაკე–საბურთალოზე და როცა საარჩევნოდ ემზადებოდნენ, მათ უფასოდ ვუთმობდი ამ საბანკეტო დარბაზს და იქ ტარდებოდა სემინარები, როგორ არ გაყალბდეს არჩევნები. როცა დამაკავეს და როცა აღძრეს ეგ საქმე, მაშინ ზუსტად მაგ თემაზე მითხრეს, რომ მაგიტომ გაგიმეტეს, რომ შენ არ იცი ვის უნდა გადაუხადო და ვის უნდა დაეხმარო და ახლა გადაიხდი ამდენს და მაშინ მოგეცემა უფლება, რომ იარო საქართველოში, გქონდეს კონტაქტი საკუთარ შვილებთან და იცხოვრო თავისუფლად. ეს ერთ–ერთი მიზეზი იყო და არა ერთადერთი. თოფურიძის მითითებით მირეკავდა ერთ–ერთი სამმართველოს უფროსი იყო თუ მოადგილე, ის ბიჭი, ზუსტად არ მახსოვს”.
მან ასევე განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრებთან ამჟამად კომუნიკაცია არ აქვს. მისი განცხადებით, როდესაც მისი ნათესავების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ვაჭრობა მიმდინარეობდა, მაშინ რესპუბლიკური პარტიისთვის დახმარება არ უთხოვია, რადგანაც “მაშინ დამხმარე ძალა არ იყო რესპუბლიკური პარტია და ვერაფერს ევრ გადაწყვეტდნენ”.
დავით უსუფაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ბოჭორიშვილი 2008 წლის შემდეგ აღარ იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი. 2012 წლის შემოდგომაზე კი, როცა ბოჭორიშვილის გვარი მოხვდა შესაძლო პოლიტპატიმრების წინასწარ სიაში, რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ არც ერთ ეტაპზე ბოჭორიშვილი არ განუხილავთ პოლიტპატიმრად.
“ამ ჩვენი პასუხის და შეფასების გამოც იგი ამოღებულ იქნა სიის პირველადი ვერსიიდან,”– ამბობს უსუფაშვილი.
ნუგზარ ბოჭორიშვილის სახელი და ზოგადად “კოკაინის საქმე” შეწყალების სკანდალს გუშინ დაუკავშირდა მას შემდეგ, რაც “კვირის პალიტრამ” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალეკო ელისაშვილი სწორედ ამ საქმეზე საუბრობს. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, რომელიც ბოჭორიშვილის ყოფილი ადვოკატია, თქვა, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო. კობახიძემ ასევე თქვა, რომ შესაძლოა, ალეკო ელისაშვილთან ოფიციალური განცხადებების გაგზავნის შემდეგ მოეკითხა, თუ რა ეტაპზე იყო “კოკაინის საქმის” განხილვა და ისიც შესაძლოა, რომე ელისაშვილისთვის ეთხოვა, საქმე თაროზე არ შემოედოთ.
თავად ალეკო ელისაშვილი ამ დრომდე არ საუბრობს იმაზე, უკავშირდებოდა თუ არა მასზე განხორციელებული ზეწოლა “კოკაინის საქმეს”. იგი ამ ინფორმაციას “არც უარყოფს, არც ადასტურებს”.
ე.წ. კოკაინის საქმეზე ანასტასია ზაუტაშვილი, რომან მესუმიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და ელგუჯა გურჩიანი 2010 წელს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინის ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის, ასევე სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, შეკვეთით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების და გასაღების ბრალდებით დააკავეს.