ახალი ამბები

ზეწოლის შესახებ ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

9 დეკემბერი, 2015 •
ზეწოლის შესახებ ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ელისაშვილი აცხადებს, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში პოლიტიკოსების მხრიდან მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა.

პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. 339–ე პრიმა მუხლი ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს, მისი მეორე ნაწილით კი შემდეგი დანაშულია გათვალისწინებული:

“პირის მიერ, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ იმ პირისაგან, რომელიც მოქმედებს საკუთარი ან სხვა პირის ინტერესებისათვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მოთხოვნა ან მიღება, ასევე ასეთის თაობაზე დაპირების ან შეთავაზების მიღება, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ასეთი ზეგავლენა ან/და მიღებულ იქნა თუ არა ამ ზეგავლენით სასურველი შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე”.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებული, ამაში კი დიდი თანხები ჰქონდათ აღებული.

გარდა ამისა, ელისაშვილმა განაცხადა, რომ ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 1 წლის წინ მიაწოდა როგორც მაშინდელ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, ასევე მის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს.

გიორგი გოგაძე ელისაშვილის ნათქვამს სიცრუეს უწოდებს და აცხადებს,  რომ ელისაშვილს მართლაც შეხვდა, თუმცა საუბარი შეეხებოდა არა შეწყალების კომისიას, არამედ ელისაშვილის პირად საკითხს.

შეწყალების კომისიის ახლანდელმა თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ კი კურიერთან საუბრისას განაცხადა, რომ არის ცალკეული შეტყობინებები და საუბრები, როდესაც პოლიტიკოსებს ცალკეული მსჯავრდებულების საქმეების განხილვა და დადებითად გადაწყვეტა სურთ.

შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები დღეს პროკურატურაში არიან დაბარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი