ახალი ამბები

კოჟორიძე: პრეზიდენტმა მითხრა, რომ ელისაშვილს შეხვდა და წაიკითხა მესიჯები

16 დეკემბერი, 2015 •
კოჟორიძე: პრეზიდენტმა მითხრა, რომ ელისაშვილს შეხვდა და წაიკითხა მესიჯები

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი გიორგი მარგველაშვილს ნამდვილად შეხვდა, სადაც შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ პრეზიდენტს მესიჯები წააკითხა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, ელისაშვილისა და მარგველაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მას უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტისგან აქვს.

“პირველ რიგში, იმას გეტყვით, რომ იმ პერიოდში, რა პერიოდზეც ალეკო ელისაშვილი საუბრობს, მე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ვმუშაობდი. შესაბამისად, არ ვესწრებოდი ამ შეხვედრებს. თუმცა ალეკოს განცხადებების შემდეგ, ცხადია, დავინტერესდი ამ თემით და ვკითხე პრეზიდენტს, ასეთი შეხვედრა თავის დროზე ნამდვილად შედგა თუ არა. საქართველოს პრეზიდენტმა მითხრა, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. ანუ, ალეკო ამ კუთხით მართალს ამბობს. მართალს ამბობს იმასაც, რომ ნამდვილად წააკითხა მესიჯები,” – ამბობს კოჟორიძე.

მისი თქმით, პრეზიდენტი ადასტურებს იმას, რომ წაკითხული აქვს ელისაშვილის მესიჯები, თუმცა კოჟორიძე არ იცნობს ამ მესიჯების შინაარსს:

“მე არ ვიცი ამ მესიჯების შინაარსი. ალეკო მართალია იმ ნაწილშიც, როდესაც ის ამბობს, რომ ამის შესახებ ესაუბრა არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს. ამ შემთხვევაში, ეს არ ვიცი ალეკო ელისაშვილისგან. მე ვიცი ის, რაც მან საჯაროდ თქვა, მაგრამ ახლა მე გეუბნებით უშუალოდ პრეზიდენტის ნათქვამს.”

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში 14 დეკემბერს მივიდა და შენობაში შესვლის წინ განაცხადა, რომ მიიტანა ტელეფონი, სადაც ინახება “ისტერიული მესიჯები”, რომელსაც მას სწერდნენ. თუმცა პროკურორმა კოკა კაციტაძემ 15 დეკემბერს განაცხადა, რომ ის ესემესები, რომლებზეც ალეკო ელისაშვილი საუბრობდა, მის მობილურში არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ ალეკო ელისაშვილიმა განაცხადა, რომ სუს-ში მის წინააღმდეგ კომპრომატებს აგროვებენ.

ელისაშვილის თქმით, პროკურატურამ SMS-ების თაობაზე განცხადება ისე გაავრცელა, რომ ექსპერტიზის შედეგები მისთვის ცნობილი არ ყოფილა. თბილისის საკრებულოს დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით მიმართა.

საქმე ეხება ალეკო ელისაშვილი განცხადებას იმის შესახებ, რომ როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებული, ამაში კი დიდი თანხები ჰქონდათ აღებული. კერძოდ, მან განაცხადა, რომ საუბარი იყო კონკრეტული პატიმრების გამოშვების სანაცვლოდ წინასწარ აღებულ $200 000–ზე და მომავალშ ასაღებ $1.5 მილიონზე.

პროკურატურა საქმეს ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით იძიებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი