საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, სასამართლომ ალეკო ელისაშვილს ეკა ბესელიას წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების საჯაროდ უარყოფა და 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
დეპუტატის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან სასიამოვნოა:
“ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ამბავია. სასამართლო პროცესი ძალიან გვიან დაინიშნა, ერთი წელია ამ პროცესს ველოდები, მაგრამ ჩემთვის პრინციპული იყო ეს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, ალეკო ელისაშვილს უკვე მეორედ დაერქვა სახელი, ის არის ცილისმწამებელი. ეს თქვა გამოძიებამ და ეს თქვა სასამართლომ და მას დაევალა, მისთვის საყვარელ ტელეეთერში უარყოს ცილისმწამებლური განცხხადებები.”
ეკა ბესელიას თქმით, ის ჯარიმის სახით 41 ათას ლარს ითხოვდა, ხოლო სასამართლომ ალეკო ელისაშვილს 1000 ლარი დააკისრა:
“მე მოვითხოვე 41 ათასი ლარი, ეს სიმბოლური ციფრია, თუმცა, რამდენიც არ უნდა იყოს თანხა, ის ჩაერიცხებათ მზრუნველობამოკლებულ ბავშშვებს. პრინციპული არის, ქვეყანაში შეიქმნას პრეცედენტები, უმსგავსო, უღირსი მეთოდების გამომყენებელი და ცილისმწამებელი პოლიტიკოსების პასუხისგების.”
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბესელია მორალური ზიანის სახით 20 500 ლარის ანაზღაურებას მოითხოვდა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ალეკო ელისაშვილისა და ელისო კილაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 2016 წლის 8 იანვარს შეიტანა. ეკა ბესელიას ადვოკატის, გიგა კვერენჩხილაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები კეთდებოდა.
ალეკო ელისაშვილიმა 2016 წლის 7 დეკემბერს განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი თქმით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებული.
გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძე კი საუბრობდა იმის შესახებ, რომ სწორედ ბესელია და კობახიძე იყვნენ ის პირები, ვინც ელისაშვილისგან კატეგორიულად მოითხოვდნენ კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულთა გათავისუფლებას.
22 დეკემბერს ელისაშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც მისგან “კოკაინის საქმის” ფიგურანტების შეწყალებას ითხოვდნენ, სწორედ ეკა ბესელია და მანანა კობახიძე იყვნენ.