ახალი ამბები

როგორ ასაბუთებს დეპუტატი დიდგორობის უქმედ გამოცხადების იდეას კანონპროექტში

17 მარტი, 2017 • 3075
როგორ ასაბუთებს დეპუტატი დიდგორობის უქმედ გამოცხადების იდეას კანონპროექტში

საქართველოს პარლამენტის განათლების, ასევე ჯანდაცვის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს პარლამენტის რამდენიმე წევრის მიერ მომზადებულ კანონპროექტს 12 აგვისტოს ანუ დიდგორის გამარჯვების დღის უქმად გამოცხადების შესახებ.

გთავაზობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათს, სადაც საკანონმდებლო ცვლილების მიღება ასეა დასაბუთებული. მისი ავტორი პარლამენტის წევრი ნუკრი ქანთარიაა.

[red_box]კანონპროექტის მიღების მიზეზი[/red_box]

კანონპროექტის მიღების ძირითადი საფუძველია 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მინიჭება. ეს დღე არის მეფე დავით აღმაშენებლის, როგორც უდიდესი სამხედრო სტრატეგის, მისი საბრძოლო მანევრის შედეგი და ამავე დროს, ეს არის ძლიერი ქართული სახელმწიფოს, ეროვნული სულის გამარჯვების დღე.

ქართული სახელმწიფოს მხრიდან დღეს, როდესაც ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, აქტიური მუშაობა უნდა წარიმართოს საქართველოს გაერთიანებისა და ეროვნული კონსოლიდაციისათვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია. დიდგორის ბრძოლა ზუსტად ასახავს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოს ერთიანობისთვის, სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების მუხტის კონსოლიდაცია. დიდგორობის, როგორც „სრულიად საქართველოს დიდი გამარჯვების დღის“ აღნიშვნა საერთო-სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, საზოგადოებაში ერთიანი სახელმწიფოებრივი იდეის რწმენას გააღვივებს. ამ დღის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება და მასშტაბურად აღნიშვნა, ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის იქნება, რაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს გაძლიერების და შემდგომი გამარჯვებების საფუძველი გახდება.

კანონპროექტის მიზანი

კანონპროექტის მიზანია საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომ მეტი ძალისხმევა მიმართოს სახელმწიფო გაერთიანებისა და შიდა ეროვნული კონსოლიდაციის კუთხით.

ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ერთიანი სახელმწიფო იდეის ხაზგასმა და ამ მხრივ მუშაობის გააქტიურება. დიდგორის ბრძოლა, რამაც საფუძველი ერთიან ძლიერ ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა, სწორედ ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების რეალურად განხორციელების სტიმულია.

ხელისუფლების მხრიდან საჭიროა მეტი აქცენტი გაკეთდეს სახელმწიფოს ერთიანობაზე, ეროვნულ სულისკვეთბაზე, სახელმწიფოებრივ ასპექტებზე და გამარჯვებებზე. გლობალიზაციის პირობებში საჭიროა ეროვნული მუხტის გაღვივება და პროპაგანდა იმისა, რა ღირებულებების დაცვით მოვიდა მართლმადიდებელი საქართველო დღემდე. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების – 12 აგვისტოს – უქმე დღედ გამოცხადება და ეროვნული სულისკვეთების, ისტორიული და საბრძოლო ტრადიციების წარმოჩინებით აღნიშვნა. მომავალმა თაობებმა უნდა დაინახონ, რა ღირებულებებზე იდგა ქართული სახელმწიფო. დიდგორობის საერთო სახალხო დღესასწაულად და „საქართველოს დიდი გამარჯვების დღედ“ გამოცხადება ხელს შუწყობს ეროვნული მუხტის გაძლიერებას და განმტკიცებას.

კანონპროექტის თანახმად, შრომის კოდექსის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უქმე დღეების ჩამონათვალს ემატება ,,კ1“ ქვეპუნქტი – 12 – აგვისტო ,,საქართველოს დიდი გამარჯვების დღე“.

კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები 2017 წელს და შემდგომ საბიუჯეტო წლებში დაფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული და დამტკიცებული 12 აგვისტო – „საქართველოს დიდი გამარჯვების დღის“ აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

კანონპროექტის ინიციატორები ქანთარიასთან ერთად არიან  აკაკი ზოიძე, ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი, კობა კობალაძე, ლევან კობერიძე და კარლო კოპალიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი