ახალი ამბები

სოზარ სუბარი ცხედრების გადმოსვენების საკითხზე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შეხვდება

1 მარტი, 2017 • 1661
სოზარ სუბარი ცხედრების გადმოსვენების საკითხზე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შეხვდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გასამართად ერევანში დღეს, 1 მარტს გაემგზავრნენ.

სამინისტროს ცნობით, ორდღიანი ვიზიტის მიზანია აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხების განხილვა.

„ორივე მხარეს აბსოლუტურად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკა მაქსიმალურად განზე უნდა გავწიოთ და ყურადღება მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ასპექტს მივაქციოთ. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო წითელ ჯვარს, რომლის შუამდგომლობითაც პროცესი ასეთი წარმატებით მიმდინარეობს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკების შედეგად, ამ დროისთვის 63 მეომრის ნეშტია იდენტიფიცირებული და ეს პროცესი გრძელდება.

2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის.

დაღუპული 10 მეომრის იდენტიფიკაცია 2016 წლის 4 მარტს დასრულდა, რომელთა სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ეკლესიაში გაიმართა. აფხაზეთში დაღუპული კიდევ 12 მებრძოლი დაკრძალეს 9 აპრილს.

2016 წლის აპრილში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამინისტრო კიდევ 208 ნეშტის იდენტიფიცირებაზე მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი