აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ შორს არაა დღე, როცა ტვირთების გადაზიდვა, რაც დღეს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი დერეფნით ხორციელდება, სომხეთის გავლით მოხდება.
ამის შესახებ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრეს, სესიის ფარგლებში — „ევრაზიის ეკონომიკური იდენტობის განსაზღვრა“. სესიაში მონაწილეობას იღებდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, თურქეთიდან ებრუ ოზდემირი, Limak Holding-ის (თურქული კონგლომერატი, რომელიც ოპერირებს მშენებლობის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში) თავმჯდომარე. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, ისევე, როგორც შარშან, საქართველო არც წელს მიიწვიეს.
სესიაზე საუბარი შეეხო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის პერსპექტივებს ქვეყნებს შორის მშვიდობის მიღწევის შემდეგ; სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, თანამშრომლობის განახლებას, ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რაც დღეის მდგომარეობით საქართველოს გავლით ხორციელდება.
პირველი სომხეთის პრეზიდენტი ხაჩატურიანი იყო, რომელმაც გამოთქვა იმედი, რომ ტრანსპორტირება მალე პირდაპირ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განხორციელდება, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გავლის გარეშე.
„მიხარია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ახლო ურთიერთობების დამყარება მოვახერხეთ ჩვენს მეზობლებთან. მათ შორის აქამდე არ იყო სომხეთი, იმ მიზეზთა გამო, რაც ყველამ ვიცით. მაგრამ ახლა, როცა მშვიდობა დე ფაქტო მიღწეულია, დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და საექსპორტო ოპერაციებიც. აზერბაიჯანმა მოხსნა ყველა შეზღუდვა ტვირთების ტრანსპორტირებაზე ყაზახეთიდან, რუსეთიდან სომხეთამდე. ახლა სომხურმა მხარემ გვთხოვა, რომ განვახორციელოთ ტრანზიტი სომხეთიდან რუსეთამდე. ასე რომ, ჩვენ დე ფაქტო, ცალმხრივად გავხსენით კორიდორები. დიახ, დღეს ტრანსპორტირება ხდება საქართველოს გავლით, მაგრამ ერთ დღესაც მოხდება სომხეთის გავლით. დადგება დღე, როცა სომხური ტვირთი პირდაპირ აზერბაიჯანზე გაივლის და ეს დღე არაა შორს.
[…] TRIPP-ისა [Trump Route for International Peace and Prosperity] და დამაკავშირებელი პროექტების მეშვეობით, რასაც ახლა აშშ ზედამხედველობს, ჩვენ შევქმნით ახალ სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც აზიიდან კასპიის ზღვაზე გადაიჭიმება, აზერბაიჯანის, სომხეთის, აზერბაიჯანის ნაწილის, ნახიჩევანის, თურქეთის გავლით და უფრო შორს, ევროპაში კიდევ უფრო შორს გადაიჭიმება. იმ დერეფნების გარდა, რაც საქართველოს გავლით უკვე არსებობს. ამიტომ, რაც მეტი მარშრუტი იქნება, მით უკეთესი მომხმარებლებისთვის, მომწოდებლებისთვის და სატრანზიტო ქვეყნებისთვის“, — განაცხადა ილჰან ალიევმა.
ჯერ კიდევ დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტარიფებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობდა საქართველოს გავლით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისას.
„თუ ეს საკითხები არ გადაიჭრა, იმედი მაქვს, რომ ბიზნესმენები ალტერნატიულ გზებს მოძებნიან, რომ იმპორტ-ექსპორტის უზრუნველყოფა შეძლონ“, — ამბობდა მაშინ ფაშინიანი.
კიდევ რამდენიმე დღით ადრე, ასევე 2025 წლის დეკემბერში, აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედიამ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობის წინააღმდეგ პოლიტიკაში დაადანაშაულა. გამოქვეყნდა სტატია, სათაურით „საქართველო მშვიდობის წინააღმდეგ თამაშობს: თბილისი ბაქოს მოთმინების ზღვარს სცდის“. აზერბაიჯანული მედიის განცხადებით, აზერბაიჯანი გაკვირვებულია და გაბრაზებულია ქართულ მხარეზე იმის გამო, რომ თბილისმა აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში ტრანზიტის არარეალურად მაღალი ფასი დააწესა. ვრცელ სტატიაში აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედია ქართულ მხარეს მეზობლებს შორის მშვიდობის დამყარების ხელის შეშლაშიც ადანაშაულებდა.








