ნეტგაზეთი | სამინისტროს ინფორმაციით, ბაბუშერაში დაღუპული კიდევ 10 მებრძოლის ნეშტია იდენტიფიცირებული სამინისტროს ინფორმაციით, ბაბუშერაში დაღუპული კიდევ 10 მებრძოლის ნეშტია იდენტიფიცირებული – Netgazeti

სამინისტროს ინფორმაციით, ბაბუშერაში დაღუპული კიდევ 10 მებრძოლის ნეშტია იდენტიფიცირებული

დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 10 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია.

4 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იმყოფებოდა, სადაც 10 იდენტიფიცირებული ნეშტი ოჯახის წევრებს გადასცეს. 

სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 4-5 მარტს (4 მარტი – 18:00 საათი 5 მარტი – 12:00 საათი) გაიმართება. აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 5 მარტს, 15:00 საათზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულაფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს სწავლობს.

მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა და ცხედრების ექსჰუმაცია.

ბაბუშერას ძმათა სასაფლოზე სამარხის გახსნის შემდეგ, იდენტიფიცირების მიზნით,  ნეშტები  გადმოასვენეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშისაქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები ხორვატიაში, ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ამ ეტაპზე სულ იდენტიფიცირებულია 31 ნეშტი, აცხადებს სამინისტრო.

უახლოეს მომავალში მოხდება ბაბუშერას ძმათა სასაფლაოდან გადმოსვენებული კიდევ 12 ნეშტის იდენტიფიცირება. დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, 2016 წელს კიდევ ორი სამარხი გაიხსნება, საიდანაც 100-ზე მეტ ცხედარს გადმოასვენებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com