ახალი ამბები

რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით

22 ნოემბერი, 2012 • 930
რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით

ამის შესახებ დღეს, 22 ნოემბერს, “აღმოსავლეთის პარტნიორობის” მონაწილე ქვეყნების ლიბერალური სავიზო რეჟიმის დამყარების პერსპექტივებთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეები კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავს იკავებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ სამოქმედო გეგმა მზადაა და საქართველო მას რამდენიმე თვეში მიიღებს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თეა ახვლედიანმა აღნიშნა, სამოქმედო გეგმის მიღების შემდეგ საქართველოს რამდენიმე მიმართულებით მუშაობა მოუწევს:

“საქართველოს რამდენიმე პუნქტი ექნება დასახვეწი, ეს არის დოკუმენტების უსაფრთხოება, მიგრაციის პოლიტიკა, შიდა უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა და ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფა”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

როგორც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე აცხადებს, ბოლო წლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა:

“წლის ბოლოს საქართველოში იქნება ევროკომისრის ვიზიტი, რომლის შედეგადაც მოხდება სამოქმედო გეგმის წარმოდგენა ჩვენთვის და ამის შედეგად საქართველოს მოუწევს ამ გეგმის შესრულება იმისათვის, რათა მივიდეს ვიზების ლიბერალიზაციამდე. ეს როდის მოხდება, ძნელი სათქმელია, თუმცა შემდეგი წლის განმავლობაში ეს პროგრესი უნდა იყოს შესამჩნევი. ეს იყო დაგეგმილი და მე იმედი მაქვს, რომ ეს მიდგომა არის შენარჩუნებული, რაც იმას გულისხმობს, რომ ვილნიუსის სამიტისათვის, რაც შემდეგი წლის შემოდგომაზე იმართება, საქართველო საკმაოდ წინ უნდა იყოს”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თეა ახვლედიანის თქმით, ახალი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის პოლიტიკა ამ მიმართულებით იგივე რჩება, თუმცა ვილნიუსის სამიტამდე  გეგმის შესრულება თითქმის წარმოუდგენელია:

“ახალი ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის გრძელვადიანი სტრატეგია პრიორიტეტად რჩება. გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, 2006 წლიდან საქართველომ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან. ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ დოკუმენტების უსაფრთხოების პოლიტიკას, დავიწყეთ ბიომეტრიული პასპორტების გაცემა, ამიტომ, ჩვენი ღრმა რწმენით, 2012 წლის ბოლომდე გადმოგვეცემა სამოქმედო გეგმა. როგორც ვიცით, ეს გეგმა უკვე მზადაა და შიდა პროცედურებს გადის. თუმცა მე გადაჭარბებულად მეჩვენება მოლოდინი, რომ ყველა პუნქტის ვილნიუსის სამიტამდე შესრულება შესაძლებელია, რადგან იქამდე წელიწადზე ნაკლები რჩება”, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ზოგიერთი მიმართულებით საქართველოს საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს:

“ბოლო მონაცემებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს 6903–მა ადამიანმა მიმართა თავშესაფრის მოთხოვნით, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, არის უამრავი საკითხი, რომლის გამოსწორება და შესრულებაც საქართველოსთვის ადვილი არ იქნება”, – განაცხადა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის კოორდინატორმა ივანე ჩხიკვაძემ.

პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს პერსპექტივები საკმაოდ რეალურია:

“ცხადია, რომ ვიზების ლიბერალიზაცია განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენი ქვეყნისთვის. პერსპექტივა არის ძალიან ბევრი, მაგრამ სახელმწიფომ ძალიან ბევრი რამ უნდა გააკეთოს, რომ ევროპამ გადაწყვეტილება მიიღოს ვიზების გამარტივებაზე. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, ვინც მეტნაკლებად ჩვენნაირ მდგომარეობაშია. ჩვენი პერსპექტივები საკმაოდ რეალურია, რაღაც დონეზე ვიზები უკვე გამარტივდა”, – განაცხადა გია ნოდიამ.

შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ფილიპ დიმიტროვი:

“დღეს ეწყობა ძალიან საინტერესო კონფერენცია. როგორც მოგეხსენებათ, 2009 წლიდან მოყოლებული საკმაოდ გლობალური ინიციატივაა მიმართული იმაზე, რომ გაიზარდოს მოქალაქეების მობილურობა და მათი ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლის შესაძლებლობა. რასაკვირველია, ამ კონტექსტში საქართველოც იყო განხილული. გადაისინჯება ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან, ზოგადად არსებული ვითარება მობილურობის თვალსაზრისით და ალბათ განხილული იქნება შესაძლებლობა იმისა, თუ როგორ შეიძლება მეტნაკლებად გამარტივებული იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს მობილურობა”, – განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.

დღევანდელ შეხვედრაზე, გარდა საქართველოს პერსპექტივების შეფასებისა, საკუთარი გამოცდილება ქართველ კოლეგებს უკრაინისა და მოლდოვას წარმომადგენლებმა გაუზიარეს, ამ ქვეყნებს სამოქმედო გეგმა უკვე მიღებული აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი