ახალი ამბები

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა

28 თებერვალი, 2017 • 2100
მიტროპოლიტი პეტრე ცაავა პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დაკითხვაზეა დაბარებული.

პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, თუ როდისაა მიტროპოლიტი პეტრე დაკითხვაზე დაბარებული. მიტროპოლიტმა ნეტგაზეთთან განაცხადა, რომ დაკითხვაზე სამ საათზეა დაბარებული. მისი თქმით, მოითხოვა, მოსამართლის თანდასწრებით დაეკითხათ, თუმცა პროკურატურამ ამაზე უარი განაცხადა.

მიტროპოლიტი პეტრე ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხება. მას შემდეგ, რაც დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს, მიტროპოლიტმა მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. ამის შემდეგ არაერთხელ გააკეთა საჯარო განცხადებები საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

მიტროპოლიტმა პეტრემ 26 თებერვალს განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი საპატრიარქოს ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა სთხოვა და დეკანოზი პროვოკაციას წამოეგო.

მან საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებში პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დაადანაშაულა.

“საქართველოში პატრიარქის ჩამობრძანებიდან უკვე საპატრიარქოში სიტუაციას მართავს ყველაზე დიდი დამნაშავე, შემოქმედი, სცენარის ავტორი ამ სკანდალისა, ქალბატონის სახით, რომელიც, მე ვფიქრობ, უნდა სასწრაფოდ ჩამოსცილდეს სამმართველოს, რომ გამოძიებას არ შეეშალოს ხელი და შეეწყოს ხელი გამოძიების ობიექტურად წარმართვას, მის ჩართულობას მიმდინარე პროცესებში”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

პროკურატურამ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. პროკურატურის განცხადებით, მამალაძის ჩანთის ჩხრეკისას ციანიდი ამოიღეს. პროკურატურას ჯერჯერობით არ დაუზუსტებია, ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად დეკანოზს და ის ამ დრომდე არც კი დაუკითხავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი