ნეტგაზეთი | მიტროპოლიტი პეტრე: საპატრიარქოში სიტუაციას მართავს ამ სკანდალის სცენარის ავტორი მიტროპოლიტი პეტრე: საპატრიარქოში სიტუაციას მართავს ამ სკანდალის სცენარის ავტორი – Netgazeti
Batumelebi | RU

მიტროპოლიტი პეტრე: საპატრიარქოში სიტუაციას მართავს ამ სკანდალის სცენარის ავტორი

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეში, სადაც მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე  წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, არ შეუშვეს დეკანოზის მოსანახულებლად.

“ძალიან მოულოდნელი პასუხი მივიღე, რომ არ მიშვებენ მამა გიორგის სანახავად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს ისევ ხელისუფლება ამ შემთხვევაში.

მე პირველად როდესაც ვნახე მამა გიორგი, მას არა აქვს საშუალება, საინფორმაციო საშუალებებს მოუსმინოს, არა აქვს ტელევიზორი. ვფიქრობ, რომ დღემდე ტექნიკური მიზეზით აფერხებენ ამ საკითხის მოგვარებას,” – განაცხადა მიტროპლიტმა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მიტროპოლიტის განცხადების საპასუხო განცხადებას ამზადებენ და უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ, რასაც ჩვენც დაუყოვნებლივ შემოგთავაზებთ.

მისივე თმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიოარქოში პროცესებს მართავს პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი:

“საქართველოში პატრიარქის ჩამობრძანებიდან უკვე საპატრიარქოში სიტუაციას მართავს ყველაზე დიდი დამნაშავე, შემოქმედი, სცენარის ავტორი ამ სკანდალისა, ქალბატონის სახით, რომელიც, მე ვფიქრობ, უნდა სასწრაფოდ ჩამოსცილდეს სამმართველოს, რომ გამოძიებას არ შეეშალოს ხელი და შეეწყოს ხელი გამოძიების ობიქეტურად წარმართვას, მის ჩართულობას მიმდინარე პროცესებში”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მისივე თქმით, შორენა თეთრუაშვილის პროცესებში მონაწილეობას ადატურებს გაკეთებული განცახდებები: “მამა მიქაელის (ბოტკოველის) განცხადება, სხვა ცილისმწამებლური და ცრუ განცხადებები საპატრიარქოს სახელით მისი გარემოცვიდან, რაც კეთდება, ემსახურება ხელის შეშლას გამოძიებისთვის. სიტუაციას მართავს ისევ ქალბატონი”.

შორენა თეთრუაშვილის მიტროპოლიტის ბრალდებებს არ პასუხობს. მან ჯერ კიდევ ბერლინში ყოფნის დროს პირველ არხს განუცხადა, რომ მიტროპოლიტი პეტრე არა მის შესახებ, არამედ სხვა პირზე საუბრობს და მეტი საუბარი არ ისურვა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი