ახალი ამბები

მეუფე პეტრე: მამალაძეს ციანიდი ოქრომჭედილისთვის საპატრიარქოს გავლენიანმა პირმა სთხოვა

26 თებერვალი, 2017 • 4499
მეუფე პეტრე: მამალაძეს ციანიდი ოქრომჭედილისთვის საპატრიარქოს გავლენიანმა პირმა სთხოვა

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ 26 თებერვალს განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი საპატრიარქოს ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა სთხოვა და დეკანოზი პროვოკაციას წამოეგო:

“მამა გიორგის საპატრიარქოს ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი რამდენიმე ხნთ ადრე სთხოვს, რომ მას მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში, სჭირდება ციანიდი, რომელიც გამოიყენება ოქროს გადამუშავებაში. მიუთითებს მის ახლობელზე, რომელიც საყდრისში მუშაობს, ოქროსთან აქვს შეხება, და აქედან იწყება მამა გიორგის ჩართულობა, როცა ის ეძებს ციანიდს”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს, რომელიც საყრდისის დაცვის კომიტეტის წევრია, მიტროპოლიტმა  უპასუხა  “დიახ” და გააგრძელა:

“შემდეგ იწყება ჩართულობა, რომ ეს ციანიდი არა საპატრიარქოს გავლენიანი პირის  დავალებით და ოქრომჭედლისთვის არის საჭირო, არამედ საპატრიარქოში მკვლელობის მომზადებისთვის. ეს არის ინტრიგა, სცენარი”, – განაცხადა მან.


16 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. პროკურატურის განცხადებით, მამალაძის ჩანთის ჩხრეკისას ციანიდი ამოიღეს. პროკურატურას ჯერჯერობით ზუსტად არ უთქვამს, ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად დეკანოზს და ის ამ დრომდე არც კი დაუკითხავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი