ახალი ამბები

საქართველოს ახალი მთავრობის ზოგიერთი ქმედებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებულია

13 ნოემბერი, 2012 • 1070
საქართველოს ახალი მთავრობის ზოგიერთი ქმედებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებულია

რეზოლუციაში საუბარია საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ადგლობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებზე ზეწოლის თაობაზე, რომლებიც ძველი მმართველი გუნდის, ამჟამად კი ოპოზიციის წარმომადგენლები არიან, ასევე, საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოსავლების სამსახურის შესვლაზე მისი შემოწმების მიზნით და 7 ნოემბერს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მე-4 ბრიგადის მეთაურის დაკავების შესახებ.

 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებსა და “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ზეწოლის გამო და მოუწოდებს საქართველოს ახალ მთავრობას, თავი შეიკავონ პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებისგან.

 

ასევე, რეზოლუციაში ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ახალ პარლამენტსა და მოქმედ პრეზიდენტს, განაგრძონ რეფორმების პროგრამები და ეფექტური თანამშრომლობა 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

 

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიული პროგრესის ნიშნად და ნატოს ბუქარესტისა და ჩიკაგოს სამიტების გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განხილულ იქნას გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) წარმოდგენის საკითხი, საქართველოში პოლიტიკური და ინსტიტუციური რეფორმების უზრუნველყოფის უფრო სრულყოფილი კონტროლის მიზნით.

 

ნატოს საპარლამენტოს ასამბლეაში, რომელიც 12 ნოემბერს პრაღაში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობდა.

სააკაშვილი პრაღაში
სააკაშვილი პრაღაში

მასალების გადაბეჭდვის წესი