ახალი ამბები

ნატოს კომიტეტის ვიზიტი კალანდაძის დაპატიმრების გამო გადაიდო

9 ნოემბერი, 2012 • 991
ნატოს კომიტეტის ვიზიტი კალანდაძის დაპატიმრების გამო გადაიდო

მისი თქმით, ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი იმიტომ გადაიდო, რომ გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელი არ ჰყავს.

“ეს, ბუნებრივია, არის დროებით, ვიდრე არ მოხდება შეთანხმება კანდიდატურაზე მთავრობასა და ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა შორის, ვინც პასუხისმგებელია გენშტაბის უფროსის დანიშვნაზე. იმედი მაქვს, რომ ეს შეთანხმება შედგება და იქნება მიღებული კომპრომისული გადაწყვეტყილება”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, ვინაიდან გაერთიანებული შტაბი არის მთავარი მასპინძელი ნატოს სამხედრო კომიტეტის, საკმაოდ მოკლე ვადებში გადაწყდება ამ ვიზიტის ჩატარების შესაძლებლობა.

“საქართველოს და ნატოს შორის იმდენად მჭიდრო კავშირია და მიმდინარეობს ბევრი პროექტი, რომ ეს კონკრეტული ფაქტი ამ ურთიერთობას ვერ შეაფერხებს,”- აცხადებს პეტრიაშვილი.

ეს კომენტარი მედიასთან ალექსი პეტრიაშვილმა კანცელარიაში, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამ თემაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, რომელიც ასევე ესწრებოდა მთავრობის სხდომას.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის თქმით, ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა.

 

ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, გეგა მგალობლიშვილის მიერ მედიისთვის მიწოდებული ცნობით, ნატოს სამხედრო კომიტეტმა გადადო საქართველოში ვიზიტი, რომელიც ნოემბრის ბოლოს უნდა გამართულიყო. მგალობლიშვილის თქმით,  ვიზიტის გადადების მიზეზი მისთვის არ უცნობებიათ.

 

გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე სამართალდაცავებმა 7 ნოემბერს დააკავეს და ბრალი თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით წაუყენეს. საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის ოქტომბერში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესთან და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად, თავდაცვის მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი