ახალი ამბები

კოდუა: სასტუმრო “საქართველო” გაიყიდა, მაგრამ მისი დემონტაჟი არ იგეგმება

8 თებერვალი, 2017 • 9738
კოდუა: სასტუმრო “საქართველო” გაიყიდა, მაგრამ მისი დემონტაჟი არ იგეგმება

ბიზნესმენ დავით კოდუას განცხადებით, სასტუმრო “საქართველო” არაბული კომპანიის La Verda-ს მფლობელებს მიჰყიდა. კოდუა გარიგების ღირებულებას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ იგეგმება მხოლოდ შენობის გარემონეტება და არა ახალი სასტუმროს აშენება.

“დემონტაჟი რატომ უნდა კეთდებოდეს? მხოლოდ გარემონტდება შენობა,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” სასტუმრო “საქართველოს” უკვე ყოფილი მფლობელმა, დავით კოდუამ.

გარიგების შესახებ ასევე გვესაუბრა დავით კოდუას დედა, ლაურა ღაჭავა. მისი თქმით, სასტუმრო 6–7-ვარსკვლავიანად გადაკეთდება და არაფრით ჩამოუვარდება თბილისში ახლად აშენებულ “ბილტიმორს”.

“არაბებმა იყიდეს ეს შენობა და გეგმავენ, რომ 6 ან 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო გააკეთონ. ახლა არის 5-ვარსკვლავიანი. მაღალი შუშებიანი სასტუმრო რომ არის [“ბილტმორ თბილისის”], ისინიც ხომ არაბები არიან და იმათ უნდა ვაჯობოთო, თავს იკლავენ. კი, ბატონო, ღმერთმა ქნას და ხელი მოგიმართოთ-მეთქი, ვუთხარი,” – ამბობს ღაჭავა.

ლაურა ღაჭავას განცხადებით, საერთოდ არ არის საუბარი შენობის დაშლაზე: “პირიქით, შიგნით არემონტებენ გადასარევად. შენობაში რაც არის ღირებული, ყველაფერს ტოვებენ. უბრალოდ, შემოაქვთ ახალი ავეჯი, გაარემონტებენ და ა.შ. ახლა საშინელებაა შიგნით.”

როგორც ღაჭავა ამბობს, ახლა სასტუმრო “საქართველოში” 130 დევნილი ცხოვრობს, რომლებსაც მთელი შენობა  აქვთ დაკავებული, თუმცა არაბი ბიზნესმენებისგან თანხის მიღების შემდეგ ამ ადამიანებს ბინებით დააკმაყოფილებენ.

“კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიაო, რომ გაიძახიან, მაშინ რატომ უშვებენ დევნილებს ასეთ ობიექტებში. თანაც ფულს ვიხდით დევნილთა სამინისტროში, რომ ბინები დაურიგდეს ამ ხალხს.”

სასტუმრო "საქართველო". ფოტო: ვიკიპედია

სასტუმრო “საქართველო”. ფოტო: ვიკიპედია

მასალების გადაბეჭდვის წესი