სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი 7 ოქტომბერს დელეგაციასთან ერთად თბილისში სამუშაო ვიზიტით ეწვია. დელეგაცია საქართველოში სომხეთის კულტურის დღეებში მიიღებს მონაწილეობას.

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში დაგეგმილი კულტურის დღეები სომხეთის დამოუკიდებლობის 35 წლისთავს ეძღვნება.

დელეგაციაში ასევე იმყოფება სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალფრედ ქოჩარიანი.

კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის კონცერტი და ცნობილი სომეხი მხატვრის, ერვანდ კოჩარის ნამუშევრების გამოფენის გახსნა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და ვიზიტები, რომელთა მიზანი “სომხეთ-საქართველოს კულტურული კავშირების გაძლიერება და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებაა”.

ინფორმაციას ავრცელებს სომხური სააგენტო Armenpress, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე დაყრდნობით.