ახალი ამბები

‘მეცხრე არხი’ ოფისს და გადაცემებს ცვლის, მფლობელს კი – არა

2 ნოემბერი, 2012 • 4800
‘მეცხრე არხი’ ოფისს და გადაცემებს ცვლის, მფლობელს კი – არა

მისი თქმით, გადაცემები ფორმატს იცვლის და არ არის გამორიცხული, გადაცემის წამყვანებიც შეიცვალოს.

 

“თოქ შოუები გავა ეთერში, თუმცა გარკვეული ცვლილებებით. გადაცემების ფორმატიც იცვლება და ასევე შესაძლებელია წამყვანებიც შეიცვალონ”,-ამბობს ბექაური.

 

“ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, თუ რომელი წამყვანი აღარ გამოჩნდება არხზე განახლებული ბადით ეთერში გასვლის შემდეგ. ასეთი ვასილ მაღლაფერიძე აღმოჩნდა. “კონსილიუმი” იხურება, თუმცა მაღლაფერიძე არხზე დირექტორის მოადგილედ რჩება. თოქ შოუს წამყვანი ისევ იქნება ეკა ბერიძე. გოგი ახალკაცი, მისი გადაცემის პროდიუსერის, მარიამ მირცხულავას ინფორმაციით, ასევე არხზე რჩება.

 

“ფორმატს შევცვლით, გადაცემა იხურება – არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები სამსახურს ტოვებენ. გოგი ახალკაცს ექნება თავის გადაცემა, თუმცა სხვა სახელით და სხვა ფორმატით. ჩავთვალეთ, რომ არ არის საჭირო ორი ერთი ტიპის გადაცემა ერთსა და იმავე არხზე – ეს არის ცვლილებების მიზეზი”, – ამბობს მარიამ მირცხულავა, “ახალკაცის მატრიცის” პროდიუსერი ჩვენთან საუბარში.

 

“მეცხრე არხის” დირექტორის მოადგილის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ამ დროისთვის ტელევიზიაში ე.წ. “პრაგონებია”. ანუ არხზე ახალი გადაცემების და ახალი წამყვანების საპილოტე ჩაწერები მიმდინარეობს.

 

გადაცემების ცვლილებასთან ერთად “მეცხრე არხი” შენობასაც იცვლის. არხის შენობა ორთაჭალიდან დიღმის მასივში გადაინაცვლებს. არხის ხელმძღვანელობის თქმით, შენობის გაფართოებასთან ერთად მათი შესაძლებლობებიც გაიზრდება.

 

ერთადერთი, რაც უცვლელი რჩება – მეცხრე არხის მფლობელია – პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინა ხვედელიძე. არხის დირექტორს, ისევე როგორც მის მოადგილეს, არ აქვთ ინფორმაცია “მეცხრე არხის” შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით.

 

ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, “ნეტაგაზეთის” კითხვაზე, რა ბედი ელის მისი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში “მეცხრე არხს”, უპასუხა:

 

“ჩვენ უკვე გვაქვს მცდელობები, რომელიმე უცხოურ კომპანიას მივცეთ არხი სამართავად, რომელიც იქნება გამჭვირვალე და თქვენ ყველანი ამას ნახავთ. მე მეგონა, რომ არჩევნებამდე მოვასწრებდით, მაგრამ ეს რთული პროცესია, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს ამ მიმართულებით. ტელევიზიაზე რაიმე ეჭვს არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ”.

 

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის მეუღლის მიერ ტელევიზიის მფლობელობით კანონი არ ირღვევა, ჟურნალისტი ია ანთაძე ფიქრობს, რომ ეს ფაქტი ივანიშვილისთვის უსიამოვნო ლაქაა.

 

ვრცლად ინტერვიუ ამ თემაზე ია ანთაძესთან წაიკითხეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი