საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი აქტიურად ჩაერთვება უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეზე, ქათამაძესა და ალავიძეზე შესაძლო ზეწოლის საქმის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ მათზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას 2017 წლის 14 იანვარს მიმართეს, რაზეც გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე აღიძრა.
“წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ვიტყვი ერთ რამეს, რომ პრეზიდენტი ძალიან აქტიურად აპირებს ჩაერთოს ამ საკითხის გარშემო ინფორმაციის მოძიებაში და ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც ამ გაჩენილ კითხვის ნიშნებს პასუხს გასცემს. ეს არის ძალიან რთული თემა, როდესაც მოსამართლეები ლაპარაკობენ გარკვეულ ზეწოლაზე და ეს მითქმა-მოთქმა კი აღარ არის, არამედ არის უკვე ოფიციალური პროცესი. ბუნებრივია, პრეზიდენტი ძალიან აქტიური იქნება და ის ყოველთვის იცავდა და დაიცავს მოსამართლეებს,”- განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ.
პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრები არიან. უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმე სწორედ დიდ პალატას აქვს გადაცემული.