ახალი ამბებისამართალი

პროკურატურა რუსთავი 2–ის საქმის ორ მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს იძიებს

3 თებერვალი, 2017 •
პროკურატურა რუსთავი 2–ის საქმის ორ მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს იძიებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ მათზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის გამო საქართველოს მთავარ პროკურატურას 14 იანვარს მიმართეს, რაზეც გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე აღიძრა.

“მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძის და პაატა ქათამაძის განცხადებისა და სასამართლოს მომართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით ხსენებული მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით,” – აცნობეს 2016 წლის 2 თებერვალს “ნეტგაზეთს” მთავარი პროკურატურიდან.

საქართველოს მთავარი პროკურატურაში განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპისათვის გამოძიების მიერ ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და გამოძიება გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში:

“მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტების გადამოწმების მიზნით. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.”

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 2016 წლის 8 სექტემბერს განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ სამ მოსამართლეზე ზეწოლა მიმდინარეობს. როგორც გვარამიამ მაშინ აღნიშნა, ამ ზეწოლას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ ჩინჩალაძე ახორციელებს.

2016 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარემ, ნინო გვენეტაძემ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტი გამორიცხა. გვენეტაძემ განაცხადა, რომ თუ მოსამართლეები თავად გააკეთბდნენ ზეწოლის შესახებ განცხადებას, ის ამ ფაქტებით დაინტერესდებოდა. გვენეტაძემ მაშინ ასევე განაცხადა, რომ სხვა პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ობიექტურ საფუძველს იყო მოკლებული.

2016 წლის სექტემბერში პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ არ დაადასტურეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მათზე შესაძლო ზეწოლის შესახებ, თუმცა, როგორც გაირკვა, ორივე მათგანმა ზეწოლის ბრალდებით მთავარ პროკურატურას 2017 წლის 14 იანვარს მიმართა.

პაატა ქათამაძე (მარცხნივ) და ბესარიონ ალავიძე. ფოტო: უზენაესი სასამართლო

პაატა ქათამაძე (მარცხნივ) და ბესარიონ ალავიძე. ფოტო: უზენაესი სასამართლო

მასალების გადაბეჭდვის წესი