ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ომის საფრთხეს ვერ გამოვრიცხავთ – ინტერვიუ ყარაბაღის პრემიერთან

26 დეკემბერი, 2016 • 2325
ომის საფრთხეს ვერ გამოვრიცხავთ – ინტერვიუ ყარაბაღის პრემიერთან

როგორია ყარაბაღში 2016 წელს რამდენიმედღიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგები, რა გამოწვევების წინაშე დადგა აპრილში დევნილი მოსახლეობა და როგორია საბრძოლო მოქმედებების განახლების რისკები კონფლიქტის ზონაში? ამ საკითხებზე მთიანი ყარაბაღის პრემიერ-მინისტრს, არაიკ არუტუნიანს ვესაუბრეთ.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, როგორ შეაფასებდით უსაფრთხოების კუთხით 2016 წელს, რა საფრთხეები და გამოწვევები იდგა ყარაბაღის წინაშე და რა მივიღეთ საბოლოოდ?

წინა წელი, იცით, რომ არწახელებისთვის მძიმე მოვლენებით დაიწყო. აპრილში აზერბაიჯანელების მიერ არწახის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის შედეგად ადამიანები დავკარგეთ, იძულებული ვიყავით, მთელი დასახლებული პუნტების ევაკუაცია მოგვეხდინა, ეკონომიკასაც პირდაპირი და ირიბი ზარალი მიადგა. ახალმა გამოწვევებმა უსაფრთხოების ამოცანაში თავისი კორექტირება შეიტანა. ბოლო თვეებში დიდი სამუშაო იყო ჩვენ მიერ გაწეული, როგორ ფრონტის წინა ხაზზე, ასევე, შიდა ფრონტზე. ომი აპრილში ისეთივე მოულოდნელი იყო ჩვენთვის, რამდენდაც პროგნოზირებადი. ჩვენ ვიცნობთ საკუთარ მოწინააღმდეგეს და 1994 წელს მიღწეული შეთანხმების შემდეგ ყოველდღე ომისთვის ვემზადებოდით. ეს შეეხება როგორც სამხედრო, ასევე, უსაფრთხოების სხვა ასპექტებს.

მიმდინარე წელს არწახმა მეორე, ოთხდღიანი ომი გადაიტანა. როგორია დანაკარგების მასშტაბი?

უკვე აღვნიშნე, რომ ყველაზე მტკივნეული და შეუქცევადი ადამიანების დანაკარგი იყო. რაც შეეხება მიღებულ კონკრეტულ მატერიალურ ზარალს, მას ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული პუნქტების დაცხრილვის პროცესში, რომელიც არა ოთხი დღე, არამედ თითქმის მთელი თვე გაგრძელდა.

იმ დღეებში მიღებული ზარალი დაახლოებით 20 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურას, მოსავალს, სამეურნეო დანიშნულების ობიექტებს, სახლებსა და მოქალაქეთა სხვა ქონებას.

ლომის წილი აქ მარტაკერტის რაიონზე მოდის, თუმცა არანაკლებად დაზარალდა მარტუნი, გადრუტი და ასკერანი.

როგორ მიმდინარეობს ზიანის ანაზღაურების პროცესი?

ყველაფრის აღდგენა სახელმწიფო და საქველმოქმედო სახსრებით მიმდინარეობს. როგორც იცით, ამ წელს საყოველთაო სომხური ფონდის, “სომხეთის” ტელემარათონის დროს მოზიდული ფული სწორედ დასახლებული პუნქტების აღდგენას მოხმარდა.

ამ წელს სახსრები, ამავე მიზნით, ბიუჯეტიდანაც გამოიყო. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი კი სუბსიდიებსაც ითვალისწინებს.

ომის შედეგად რიგი სასაზღვრო დასახლებული პუნქტების მცხოვრებლები იძულებული იყვნენ, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. მათი ნაწილი უკან დაბრუნდა, მეორე ნაწილი კი დღემდე სხვაგან ცხოვრობს. ეს ძირითადად თალიშის მცხოვრებლებს შეეხება. როგორ გეგმავთ მათი პრობლემის გადაჭრას?

თალიშელთა საკითხი დროებით გადაწყვეტილია – მარტაკერტის რაიონის სოფელ ალაშანსში მათთვის საცხოვრებლად ყველა პირობაა შექმნილი. თალიშელთა ნაწილი არწახის სხვა დასახლებულ პუნქტებში დასახლდა და მათი პრობლემების გადაჭრა სახელმწიფო რესურსების ხარჯზე ხდება. რაც შეეხება მათ, ვინც არწახიდან გავიდა და სხვაგან ცხოვრობს, ჩვენ არ ვწყვეტთ მათი დაბრუნების იმედს და მზად ვართ ყველა აუცილებელი პირობით უზრუნველვყოთ. თალიშელთა დაბრუნება საკუთარ სახლებში ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იქნება და ამ მხრივ მუშაობას ვაგრძელებთ.

თალიშელთა დაბრუნების სახელმწიფო პროგრამა გამოცხადდა. რამდენად რეალურია ის და რამდენად შეიძლება ამ ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაბრუნების შემთხვევაში?

თალიშის აღდგენის პროექტის მომზადების დროს, პირველ რიგში, ამ ადამიანების სურვილები გავითვალისწინეთ. შესაბამისი სპეციალისტები სწავლობდნენ სოფელში ცხოვრების იმ პირობებს, რომლებიც უსაფრთხოებას უკავშირდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა იქ უსაფრთხოდ იცხოვრონ. თუმცა ყველას კარგად ესმის, რომ ისეთი მეზობლის პირობებში, როგორიც აზერბაიჯანია, ასპროცენტიანი გარანტიების მიცემა, უბრალოდ, შეუძლებელია. ბუნებრივია, თალიშის ნაწილი, რომელიც მოწინააღმდეგის სამიზნეა, დასახლებული აღარ იქნება და უსაფრთხოების შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. თუმცა მათ, ვინც დაბრუნებას ისურვებს, საკმარის გარანტიებს და ბევრად უკეთეს საცხოვრებელ პირობებს შევთავაზებთ.

მთლიანობაში, საზღვრის ზონაში მდებარე სოფლების განლაგება არ არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანები ვერ დაბრუნდნენ, რამდენადაც წინა ხაზიდან დაახლოებით იმავე მანძილით არის დაშორებული სხვა დასახლებული პუნქტები, სადაც დღესაც ჩვეულებრივად ცხოვრობს ხალხი.

კიდევ არსებობს ომის განახლების საფრთხე? და თუ კიდევ დაიწყო ომი, როგორ მოხდება ადამიანების უსაფრთხოების დაცვა, განსაკუთრებით ამ საზღვრისპირა დასახლებებში?

უკვე ვთქვი, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე არაპროგნოზირებადია და სანამ ყარაბაღის პრობლემა საბოლოოდ არ გადაწყდება, ომის საფრთხის გამორიცხვას ვერ შევძლებთ. შესაძლო ომის შემთხვევაში, ჩვენი არმია, რომელმაც აპრილის ომის დროს საკუთარი თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა, ნებისმიერ მომენტში მზადაა მის წინაშე არსებული ამოცანა შეასრულოს. რაც შეეხება მოსახლეობის სამოქალაქო თავდაცვას, ეს ყოველდღიური სამუშაოა, რომელიც მუდმივად ხელისუფლების ყურადღების ცენტრშია. მთლიანობაში, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული რესურსები და საშუალება საკმარისია ჩვენი მოქალაქეების დასაცავად.

—————————————————————————————————————-

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 2016 წლის აპრილში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო დაპირისპირება 4 დღით გამწვავდა, რა დროსაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

არაიკ არუტუნიანი

არაიკ არუტუნიანი

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი