ახალი ამბები

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ისევ ლერი ხაბელოვი აირჩიეს

23 დეკემბერი, 2016 • 2775
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ისევ ლერი ხაბელოვი აირჩიეს

დღეს, 23 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე კომიტეტის პრეზიდენტად მეორე ვადით ისევ ლერი ხაბელოვი აირჩიეს.

მისი კონკურენტი იყო ირაკლი მეძმარიაშვილი, თუმცა დელეგატთა უმრავლესობამ არჩევანი ისევ ლერი ხაბელოვზე შეაჩერა. არჩევანი  135-მა დელეგატმა გააკეთა: ხაბელოვმა 78 ხმა მიიღო, ხოლო მეძმარიაშვილმა -57.

ლერი ხაბელოვი მეორე ვადით ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ლერი ხაბელოვი მეორე ვადით ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ლერი ხაბელოვის თქმით, ილიმპიურმა საანგარიშო სესიამ და არჩევნებმა მაღალ დონეზე ჩაიარა. მისი თქმით, პირველი პრიორიტეტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება ის, რომ სკოლებში შევიდეს ოლიმპიური მოძრაობა.

“სესიამ ძალიან კარგად ჩაიარა: მაღალ დონეზე, სუფთად და ძალიან გამჭვირვალედ. ჩვენ ეს შევთავაზეთ საზოგადოებას და ვიძახოდი, რომ ყველა არჩევნებზე უნდა იყოს დაცული ეს და თამასა იყოს აწეული. ათპუნქტიანი შეთავაზება მაქვს საზოგადოებისთვის, მაგრამ პირველი უნდა გავაკეთოთ ის, რომ სკოლებში შევიდეს ოლიმპიური მოძრაობა. ჩვენ დავნერგეთ გაკვეთილები და უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდებს, რა არის ოლიმპიური მოძრაობა,” – განუცხადა ნეტგაზეთს ლერი ხაბელოვმა.

სოსო ჯაჭვლიანი ლერი ხაბელოვს მეორე ვადით ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობას ულოცავს და აცხადებს, რომ ლერი ხაბელოვი რომ არ ყავდეს ქვეყანას, ასეთი ადამიანი უნდა გამოვიგონოთ:

“პირველ რიგში, მინდა, რომ ბატონ ლერი ხაბელოვს, ჩემს მეგობარს, ჩემს თანამებრძოლს მოვულოცო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეობა. ერთი სიტყვით შემოვიფარგლები: რომ არ გვყავდეს ლერი ხაბელოვი, უნდა გამოვიგონოთ ეგეთი ადამიანი.”

ლერი ხაბელოვი 2012 წელს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე აირჩიეს პრეზიდენტად. იმავე სესიაზე პირველი ვიცე-პრეზიდენტიად ელგუჯა ბერიშვილი დასახელდა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებიად ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი აირჩიეს. ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანია ემზარ ზენაიშვილი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 1989 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ კონფერენციაზე დაარსდა, ხოლო მისი პირველი პრეზიდენტი იყო ნონა გაფრინდაშვილი.

დღევანდელ საანგარიშო სესიაზე საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ასევე დაასახელა 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი – ეს წოდება რიოს ოლიმპიადის ჩემპიონს, ძალოსან ლაშა ტალახაძეს ერგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი