ახალი ამბები

ქართველ სპორტსმენს დოპინგის გამო ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება დროებით შეუჩერდა

3 აგვისტო, 2021 •
ქართველ სპორტსმენს დოპინგის გამო ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება დროებით შეუჩერდა

ტოკიო 2020 ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების წევრ ბენიკ აბრამიანმა სტეროიდებზე დოპინგის ტესტი ვერ გაიარა, რის გამოც დღევანდელ შეჯიბრებას გამოეთიშა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ტესტირების სააგენტო ავრცელებს.

36 წლის სპორტსმენი 31 ივლისს სწორედ საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ შეამოწმა. მას დღეს, 3 აგვისტოს უნდა ეასპარეზა, თუმცა ტესტირების პასუხი ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი.

სააგენტოს ინფორმაციით, ათლეტი ტესტის პასუხის შესახებ ინფორმირებულია და მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა და IOC ანტიდოპინგის წესების შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტამდე მისი მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში დროებით შეჩერებულია.

თუმცა სააგენტო იუწყება, რომ აბრამიანს აქვს უფლება, სპორტის არბიტრაჟის სასამართლოში, ანტიდოპინგის განყოფილებაში გაასაჩივროს დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება და მოითხოვოს B ნიმუშის ანალიზი.

ბენიკ აბრამიანი ბირთვის კვრაში ასპარეზობს. ის მონაწილეობას იღებდა 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებშიც.

რაც შეეხება ოლიმპიადაზე ანტიდოპინგის წესის დარღვევას, Reuters-ის ცნობით, ეს არის ტოკიო 2020 ოლიმპიადაზე გამოვლენილი მეორე დარღვევა. სამი დღის წინ ასპარეზობის უფლება დროებით შეუჩერდა ნიგერიელ სპორტსმენს, რომელსაც 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებში ვერცხლის მედალი აქვს აღებული.

ბენიკ აბრამიანთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ეროვნული ოლიმპიურმა კომიტეტმაც. მათი თქმით, აბრამიანის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები მოგვიანებით განიხილავენ.

ამასთან, კომიტეტის ინფორმაციით, ტოკიოში გამგზავრებამდე ყველა ლიცენზირებულმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა, დოპინგ-კონტროლი გაიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი