საქართველოს ოლიმპიური გუნდის ფორმა, რომლითაც ისინი პარიზის ოლიმპიადაზე წარდგებიან, დიზაინერმა სიმონ მაჩაბელმა შექმნა.
ამის შესახებ ნეტგაზეთს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმა, დაუდასტურა. ელგუჯა ბერიშვილს მას შემდეგ დავუკავშირდით, რაც სოციალურ ქსელებში განხილვის თემად იქცა ქართველი სპორტსმენების ფორმა, რომელიც საზოგადოებამ ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე იხილა.
- „თუ მოსალოდნელი შედეგები არ დაიდო, ამ ფორმის ბრალი იქნება“;
- „ცუდად გათლილ ბოლოკებს ჰგვანან“;
- „არ გაუშვათ ეს ხალხი ასე პარიზში“;
- „ახლის შეკერვა აღარ მოესწრება და რამე რომ შემოვახუროთ?“
ეს იმ კომენტარებისა და განწყობების ძალიან მცირე ნაწილია, რასაც სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ.
ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მას არ უკვირს შექმნილი აჟიოტაჟი:
„არაფერი გვიკვირს, პირიქით, კარგია, რომ ასეთი დაინტერესება არსებობს. თუმცა მგონია, რომ ფეხის ხმაზე აყოლასთანაც გვაქვს საქმე. მეც ვნახე რაღაც გამოხმაურებები და რა არის ამ ფორმაში არაქართული, ან მით უმეტეს, რუსული, წარმოდგენა არ მაქვს.
დიზაინი სიმონ მაჩაბელმა შექმნა. არ ვიცი, ამ ადამიანის წარდგენა ვის სჭირდება. საქართველოში თუ ევროპაში თეატრი არ დარჩენილა, სადაც სიმონს არ იწვევენ. ამ ნაწილში ადამიანის მიმართ, ვისაც ჩვენ ეს ამოცანა მივანდეთ, კითხვები, მგონი, არ უნდა არსებობდეს.
ელგუჯა ბერიშვილს ასევე ვკითხეთ, როგორ გადაწყდა, ოლიმპიური ნაკრების ფორმის დიზაინი სიმონ მაჩაბელს შეექმნა. მან იმ მიზეზების შესახებაც ისაუბრა, რატომ არ გამოაცხადეს კონკურსი.
„რატომ გადაწყდა სიმონ მაჩაბელი? ნინო სუხიშვილი, მურაზ მურვანიძე, რუსუდან ფოცხიშვილი — ამ ადამიანებს ჯერ კიდევ წინა ოლიმპიადის წინ ვთხოვეთ დახმარება. არ გვინდოდა, ჩვენს თავზე აგვეღო და გადავწყვიტეთ, რომ ასეთი პროფესიონალები დაგვეხმარებინა.
გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. იყო საუბარი კონკურსის გამოცხადებაზეც, რისი გამოცდილება არცთუ კარგი, გვაქვს. დროში იწელება, არ იღებენ კარგი დიზაინერები მონაწილეობას. ბიუჯეტი ძალიან მცირეა. იმდენად მიზერულია თანხა, რაც გადავიხადეთ, ამაზე საუბარიც არ მგონია მიზანშეწონილი.
ქალბატონ ნინოსთან ვიყავით ბოლო შეხვედრისას და სწორედ იქ შემოგვთავაზეს სიმონ მაჩაბელი, ადამიანი, რომელიც ჩვენი რწმენით ამ საქმეს ყველაზე კარგად გააკეთებდა“, — ამბობს ელგუჯა ბერიშვილი.
კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, კონცეფცია, რომელიც ოლიმპიელების ფორმის უკან დგას, ზედაპირზევე დევს და ნათელია- თეთრი და წითელი დროშის შესაბამისად არის შერჩეული, წარმოდგენილია ჯვრების კომბინაცია, რომელშიც გამოყენებულია ეიფელის კოშკის ფორმა, როგორც პარიზის სიმბოლო, და შეკრულია ბოლნური ჯვრის ფორმაზე. ასევე, გამოყენებულია ქართული შრიფტი, რომელიც ამავე დროს ორნამენტია.
„გახსნის ცერემონიაზე სულ რამდენიმე წამით გამოჩნდება ეს ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი ამას კარგად აღიქვამს“, — ამბობს ელგუჯა ბერიშვილი.
დიზაინერი სიმონ მაჩაბელი თეატრის, კინოსა და ოპერის მხატვრობაზეც მუშაობს. განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ისე — დიდ ბრიტანეთში. მისი სამუშაო გამოცდილებაც ძირითადად საქართველოს, ინგლისსა და შოტლანდიას მოიცავს.
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა პარიზში 26 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება და მასში საქართველოდან მონაწილეობას 28 სპორტსმენი მიიღებს.
სახეობები, რომელშიც ქართველი სპორტსმენები იასპარეზებენ, შემდეგია: ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ძალოსნობა, ძიუდო, კრივი, ბატუტზე ხტომა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, მძლეოსნობა, ცურვა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა მილიონ ლარს გასცემს ოქროს მედალოსნებისთვის, ვერცხლის პრიზიორებისთვის – ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელები 250 000 ლარს მიიღებენ.