ნეტგაზეთი | ოლიმპიურმა კომიტეტმა ლაშა ტალახაძე 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლაშა ტალახაძე 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა – Netgazeti
RU | GE  

ოლიმპიურმა კომიტეტმა ლაშა ტალახაძე 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, ასევე მსოფლიოს რეკორდსმენი ძალოსანი ლაშა ტალახაძე 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.

როგორც ლაშა ამბობს, დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც წლის საუკეთესო სპორტსმენად გასახელებენ. ოლიმპიური ჩემპიონის თქმით, ეს წოდება სტიმულის მომცემია მისთვის, როგორც სპორტსმენისთვის.

“რა თქმა უნდა, ვეცდები, რომ მომავალ წელს გავიმეორო ჩემი მიღწევები. არ გამოვრიცხავ, რომ ვინმემ მაჯობოს, თუმცა მე მოხარული ვიქნები და არ მეწყინება, როგორც ერთ–ერთ ქართველ ადამიანს და სპორტსმენს. მე ჩემსას შევეცდები ყოველთვის, რომ ჩემი საქართველო კიდევ ბევრჯერ გავახარო,” – განუცხადა ლაშა ტალახაძემ ნეტგაზეთს.

2016 წლის საუკეთესო სპორტსმენმა ასევე ისაუბრა მისი გრაფიკის შესახებ. როგორც ძალოსანი ამბობს, ჯერჯერობით მსუბუქად ვარჯიშობს, თუმცა მომავალი წლის შუა რიცხვებში უკვე ინტენსიურ ვარჯიშებს დაიწყებს და მოემზადება ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის:

“სულ რამდენიმე დღეა, რაც შევწყვიტე ვარჯიშები, რადგან 13–ში ჩამოვედი შეჯიბრებიდან. ახალი წლის შემდეგ ისევ გავაგრძელებ, თუმცა არ შემიწყვეტია ახლაც მთლად ვარჯიში. ცოტას სახლის პირობებშიც და ისეც: დარბაზშიც გავდივარ და ვვარჯიშობ. როგორც ვიცი, მომავლი წლის 14 რიცხვიდან უკვე დავიწყებთ შეკრებებით ვარჯიშს და მზადებას ერვოპის ჩემპიონატის ფინალისთვის.”

ლაშა ტალახაძე, ძალოსანი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ლაშა ტალახაძე, ძალოსანი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ლაშა ტალახაძეს შესაბამისი პრიზი ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლერი ხაბელოვმა გადასცა, რომელიც დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე კომიტეტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.