საზოგადოება

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი თავის განცხადებას აზუსტებს

24 ივლისი, 2024 •
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი თავის განცხადებას აზუსტებს

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის განმარტებით, ოლიმპიური რეკვიზიტების გამოყენებას პირადი დანიშნულებით ან საინფორმაციო მიზნებით მედიასაშუალებების მიერ შეზღუდული არ არის.

ოლიმპიური კომიტეტი აზუსტებს მის მიერვე 23 ივლისს გაკეთებულ განცხადებას ოლიმპიური რეკვიზიტების უნებართვო გამოყენების აღკვეთის შესახებ. განცხადებაში, რომელმაც გაუგებრობა გამოიწვია, კომიტეტი წერდა, რომ ყველა უფლება ნებისმიერ ოლიმპიურ რეკვიზიტზე და მათ გამოყენებაზე ექსკლუზიურად საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს ეკუთვნის, „რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება“ მათი გამოყენებით მოგების მიღების, კომერციული და სარეკლამო მიზნებით. ამასთან, ხაზს უსვამდა, რომ კომიტეტი აკონტროლებს ოლიმპიადასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას და ოლიმპიური სიმბოლოების, ემბლემების, ლოგოს, მასპინძელი ქალაქების სახელების და ისეთი სიტყვების გამოყენებასაც კი, როგორიცაა სიტყვების „ოლიმპიური”, „ოლიმპიადა“, „ოლიმპიური თამაშები“ და ა.შ.

დღეს, 24 ივლისს გავრცელებული განცხადებით, ოლიმპიური კომიტეტი მადლობას უხდის გულშემატკივრებს და განმარტავს, რომ კომიტეტის მიერ გაკეთებული საგანგებო განცხადება მათზე არ ვრცელდება.

„აღნიშნული განცხადება ემსახურება ერთადერთ მიზანს — საზოგადოების ინფორმირებას, რომ ოლიმპიური რეკვიზიტების გამოყენება მოგების მიღების, კომერციული ან სარეკლამო მიზნებისთვის, საჭიროებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ნებართვას. განცხადება არ ეხება ოლიმპიური რეკვიზიტების გამოყენებას პირადი დანიშნულებით ან საინფორმაციო მიზნებით მედიასაშუალებების მიერ. ოლიმპიური რეკვიზიტები ეკუთვნის საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. რეკვიზიტების სტატუსი და მათი გამოყენების წესი განსაზღვრულია ოლიმპიური ქარტიით, რომელიც ოლიმპიური რეკვიზიტების გამოყენებისათვის ითვალისწინებს ნებართვას. ადგილობრივი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, ისევე როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, პასუხისმგებელნი არიან ადგილობრივ დონეზე უზრუნველყონ ოლიმპიური ქარტიის დებულებებისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინტერესების დაცვა“, — ნათქვამია განცხადებაში.

2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს პერიოდში გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოდან 28 სპორტსმენი მიიღებს.

ოლიმპიადა – ქართველი სპორტსმენების ასპარეზობის განრიგი

მასალების გადაბეჭდვის წესი