ახალი ამბები

ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი ლუკა კურტანიძის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

4 დეკემბერი, 2023 • 4793
ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი ლუკა კურტანიძის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი ლუკა კურტანიძის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „ნაცვლად იმისა, რომ ქართველი სპორტისთვის თავდადებული და განსაკუთრებული დამსახურების მქონე პიროვნება, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი, საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვახტანგ გორგასლის და ღირსების ორდენების კავალერი ყრილობის დარბაზში საპატიო სტუმრისთვის განკუთვნილ ადგილას დაესვათ, იქ შეკრებილი საზოგადოების თვალწინ ზურგი შეაქციეს და კარისკენ მიუთითეს“.

ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის თქმით, ფედერაციის ხელმძღვანელთა ამ გადაწყვეტილებას ვერ გაამართლებს ის ფორმალური მოტივი, რომ კურტანიძე ყრილობაზე მოწვეულთა სიაში არ ყოფილა და არც ის, რომ შესაძლო სტუმრობის თაობაზე ყრილობის ორგანიზატორები წინასწარ არ გაუფრთხილებია.

განცხადების ავტორების თქმით, ამ შემთხვევაში არგუმენტად ვერ გამოდგება ვერც ყრილობის რეგლამენტი (თუ რომელიმე პარაგრაფი ამგვარს ითვალისწინებს), ან შესაბამისი მუხლი ფედერაციის წესდებისა (თუ ასეთი რამ წესდების რომელიმე მუხლით რეგულირდება). ამასთან ერთად, ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი აღნიშნავს, რომ არსებობს ეთიკური და ზნეობრივი კანონები, ურთიერთობის წესი და ელემენტარული კეთილგონიერება, რომელიც თითოეული ადამიანის სახელს და ღირსების დაცვის ვალდებულებას გულისხმობს:

„მით უმეტეს, თუ ამ ადამიანს გამორჩეული ღვაწლი აქვს ქართულ სპორტში, კონკრეტულად კი – ჭიდაობაში; მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი არცთუ ისე დიდი ხნის წინ თავად ხელმძღვანელობდა ჭიდაობის ფედერაციას; მით უმეტეს, თუ მისი დამსახურება ქართული სპორტის წინაშე შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე იმ ყრილობაზე შეკრებილი ადამიანებისა“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ჭიდაობის ფედერაცია, ისევე, როგორც ამ სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, არ არის რომელიმე კერძო დაწესებულება, რომელიც მოქმედებს კერძო ინტერესების შესაბამისად და აქვს შეზღუდული ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომისია ხაზს უსვამს, რომ პირიქით, ფედერაციის სტატუსისა და ქართული სპორტისთვის ჭიდაობის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ფედერაციის ხელმძღვანელობა მოვალეა, ერთგვარი ანგარიში ჩააბაროს გულშემატკივრებს, მათ შორის, ვეტერან ფალავნებს, იმ ხალხს, ვისი დამსახურებითაც ჭიდაობა ეროვნულ სპორტად იქცა საქართველოში:

„ჩვენ გვყავს მრავალი დიდი ჩემპიონი, რომელთა ცოდნა-გამოცდილება ძალზე მნიშვნელოვანია და გამოსაყენებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზით ჩამოცილებულია ფედერაციის მმართველობასაც და სამწვრთნელო საქმიანობასაც“, — წერია განცხადებაში.

ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჭიდაობის ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც საზოგადოების ქართული სპორტის გულშემატკივრების წინაშე აკისრია. მათი თქმით, ლუკა კურტანიძესთან დაკავშირებული სამწუხარო ამბავი ერთი ეპიზოდია ამ საერთო სურათში:

„სხვათა შორის, ფედერაციის ბოლო ყრილობა, როგორც ჩანს, დახურული აღმოჩნდა მედიისთვისაც, რომელსაც, სავარაუდოდ, ექნებოდა ლეგიტიმური კითხვები ჭიდაობაში დღეს არსებულ ვითარებასთან და არაერთი მიმართულებით პოზიციების დათმობასთან დაკავშირებით. მათ შორის იმასთან დაკავშირებითაც, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები კარს მოგვადგა, ჩვენ კი ჯერჯერობით მხოლოდ ორი ლიცენზიანტი გვყავს ჭიდაობაში“, — აცხადებენ განცხადების ავტორები.

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ საერთო საქმისთვის უკეთესი იქნებოდა, ფედერაციას არა მხოლოდ ლუკა კურტანიძე, სხვა ვეტერანი მოჭიდავეები და სპორტის ხელმძღვანელი სტრუქტურების წარმომადგენლებიც მიეწვია ამ ყრილობაზე, რათა ერთად ემსჯელათ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ოთხწლეულის უმთავრეს შეჯიბრებაზე – პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებულ გამოსვლას უკავშირდება.

სეოკი იმედოვნებს, რომ ჭიდაობის ფედერაცია, მისი მმართველი ჯგუფი საღი გონებით შეაფასებს განცხადებაში გამოთქმულ გულწრფელ გულისტკივილს და მიიჩნევს, რომ თუ ასე მოხდება, ამ ჯგუფს დასკვნის გაკეთება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაც არ უნდა გაუჭირდეს.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ, რომელიც წარსულში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და არაერთი ოლიმპიადისა თუ ჩემპიონატის პრიზიორი იყო, განაცხადა, რომ ფედერაციის ყრილობაზე არ შეუშვეს, რითაც თავი დამცირებულად იგრძნო. ვრცლად წაიკითხეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი