ახალი ამბები

ტრანსგენდერი ქალის ზიზი შეყილაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

26 ნოემბერი, 2016 • 1843
ტრანსგენდერი ქალის ზიზი შეყილაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

ორთაჭალაში იმ ადგილის მახლობლად, სადაც ტრანსგენდერი ქალი, ზიზი შეყილაძე სასიკვდილოდ დაჭრეს, აქტივისტები და მეგობრები შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.ზიზი დღეს, 26 ნოემბერს დაკრძალეს.

ტრანსგენდერი ქალს ზიზი შეყილაძეს 2016 წლის 16 ოქტომბერს დაესხნენ თავს და ყელისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენეს. იგი ჯერ “ნიუჰისპიტალსში” გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ- რესპუბლიკურ კლინიკურ ინფექციურ საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა მძიმე იყო, იგი კომაში იმყოფებოდა და 23 ნოემბერს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრანსგენდერი ქალის დაჭრის საქმეზე ბრალდებული 16 ოქტომბერს დააკავეს. იგი 1985 წელსაა დაბადებული და წარსულში ნასამართლევია. ამჟამად კი პირობითი მსჯავრის ქვეშაა.

19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ორთაჭალაში იმ ადგილის მახლობლად, სადაც ტრანსგენდერი ქალი, ზიზი შეყილაძე მოკლეს, აქტივისტები და მეგობრები შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. ფოტო: ნეტგაზეთ/ ქეთი მაჭავარიანი

ორთაჭალაში იმ ადგილის მახლობლად, სადაც ტრანსგენდერი ქალი, ზიზი შეყილაძე სასიკვდილოდ დაჭრეს, აქტივისტები და მეგობრები შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. ფოტო: ნეტგაზეთ/ ქეთი მაჭავარიანი

ტრანსგენდერი ქალი, რომელიც 16 ოქტომბერს ორთაჭალაში დაჭრეს, დაახლოებით ორი წელია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერის ჯგუფის” (WISG) ბენეფიციარია. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” არ გამორიცხავს, რომ დანაშაული შესაძლოა დამამძიმებელ გარემოებაში, სიძულვილის ნიადაგზე იყოს ჩადენილი.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მონაცემებით, საქართველოში 2016 წლის განმავლობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმის ოცამდე შემთხვევაა დოკუმენტირებული.

ორგანიზაციის, “ტრანსგენდერი ევროპის” (TGEU), რომელიც WISG-ის პარტნიორია, სტატისტიკის მიხედვით, 2008 წლის იანვრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით 65 ქვეყანაში 2115 ტრანსგენდერი მოკლეს.

2016 წლის იანვარ-მაისში კი ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანის მკვლელობის 100 შემთხვევა დაფიქსირდა. TGEU-ის ცნობით, ეს მონაცემები რეალობას სრულად არ ასახავს, რადგან ქვეყანათა უმრავლესობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმისა და მკველობებათა შემთხვევების დაფიქსირება, აღწერა და მონიტორინგი არ მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი