ახალი ამბები

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

19 ოქტომბერი, 2016 • 1732
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

დღეს, 19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო სხდომა 11 საათზე გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ასევე დაინიშნა წინასასამართლო სხდომა, რომელიც 18 დეკემებერს, 12 საათზე გაიმართება.

გამოძიება აცხადებს, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს იცნობდნენ და ამ შემთხვევის მიზეზი მათ შორის შელაპარაკება გახდა. პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებული ტრანსგენდერი ქალისგან მოითხოვდა, მისი მეგობრისთვის დაენებებინა თავი და მიეცა უფლება სექსმუშაკად ემუშავა გულკუას ქუჩაზე, რასაც დაზარალებული არ დაეთანხმა.

“[დაზარალებული] გახდა აგრესიული და ამ უკანასკნელს [ბრალდებულს] მიმართა მისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვებით და მოახდინა თავისი სასქესო ორგანოს დემონსტრირება. აღნიშნულით განაწყენებულმა, ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ.მ-მ [ბრალდებულმა], [დაზარალებულს] თავის არეში დაარტყა სამშენებლო ბეტონის ფილა და იქვე არსებული სამზარეულო დანის მეშვეობით რადენჯერმე ჩაარტყა ყელის არეში. თუმცა, დაზარალებული სუნთქვდა და მოძრაობდა, გ.მ მ [ბრალდებულმა] განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, უკვე მეორედ თავზე გადაამტვრია ბეტონის ფილა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა შეწყვიტა მოძრაობა”, – განაცხადა ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე.

ტრანსგენდერი ქალი, რომელიც 14 ოქტომბერს ორთაჭალაში დაჭრეს, დაახლოებით ორი წელია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერის ჯგუფის” (WISG) ბენეფიციარია. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” არ გამორიცხავს, რომ დანაშაული შესაძლოა დამამძიმებელ გარემოებაში, სიძულვილის ნიადაგზე იყოს ჩადენილი.

14 ოქტომბერს დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება  განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მონაცემებით, საქართველოში 2016 წლის განმავლობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმის ოცამდე შემთხვევაა დოკუმენტირებული.

ორგანიზაციის, “ტრანსგენდერი ევროპის” (TGEU), რომელიც WISG-ის პარტნიორია, სტატისტიკის მიხედვით, 2008 წლის იანვრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით 65 ქვეყანაში 2115 ტრანსგენდერი მოკლეს.

2016 წლის იანვარ-მაისში კი ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანის მკვლელობის 100 შემთხვევა დაფიქსირდა. TGEU-ის ცნობით, ეს მონაცემები რეალობას სრულად არ ასახავს, რადგან ქვეყანათა უმრავლესობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმისა და მკველობებათა შემთხვევების დაფიქსირება, აღწერა და მონიტორინგი არ მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი