ახალი ამბები

თბილისში ტრანსგენდერ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

10 ივნისი, 2021 • 1388
თბილისში ტრანსგენდერ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

“თანასწორობის მოძრაობის” განცხადებით, თბილისში ტრანსგენდერ ქალს ტრანსფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ორგანიზაციის განცხადებით, შემთხვევა 4 ივნისს ღამის საათებში მოხდა. “თანასწორობის მოძრაობის” თქმით, მოძალადე პირმა ჯერ კომპლიმენტი უთხრა დაზარალებულს, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ტრანსგენდერი ქალია, სახეში ძლიერად დაარტყა:

“თავდამსხმელს თან ახლდა ორი პირი, რომლებმაც თავდამსხმელი განარიდეს დაზარალებულს. დაზარალებულმა პოლიციას გამოუძახა. თავდამსხმელი მეორე დღეს დააკავეს”, — აცხადებენ უწყებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, “თანასწორობის მოძრაობა” იმ დღესვე ჩაერთო საქმეში და იცავს დაზარალებულის ინტერესებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქმეზე გაიმართა სასამართლო სხდომა. ბრალდებული 2000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქმეზე გამოკვეთილია სიძულვილის ნიშანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი