ახალი ამბებიხელოვნება

ბობ დილანი ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალს არ დაესწრება

16 ნოემბერი, 2016 • 2154
ბობ დილანი ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალს არ დაესწრება

ამერიკელი პოეტი და მომღერალი ბობ დილანი, რომელიც ლიტერატურის დარგში ნობელის პრიზის გამარჯვებულად დასახელდა, ადასტურებს, რომ ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალზე სტოკჰოლმში არ გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შვედეთის აკადემია, რომელიც ნობელის პრემიებს გასცემს, აცხადებს, რომ დილანმა მათ გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც დეკემბერში დაგეგმილ დაჯილდოების ცერემონიალს “გარკვეული ვალდებულებების” გამო გამოტოვებს.

როგორც აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბობ დილამა მათგან “დიდი პატივისცემა” იგრძნო და ისურვა, რომ კუთვნილი პრემია პირადად მიიღოს. BBC-ის ცნობით, მომღერალსა და პოეტს ასევე სთხოვეს, რომ დღეიდან მომდევნო წლის ივნისამდე ნობელის პრემიის შესახებ ლექცია წაეკითხა.

ბობ დილანი ლიტერატურულ დარგში “ამერიკული სიმღერის ტრადიციაში ახალი პოეტური გამოხატვის შექმნისთვის” ნობელის პრემიის გამარჯვებულად 13 ოქტომბერს დასახელდა. მუსიკოსი და პოეტი ნობელის კომიტეტის ზარებს რამდენიმე კვირის განმავლობაში არ პასუხობდა.

Daily Telegraph-თან ინტერვიუში, რომელიც 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა, დილანი ამბობს, რომ დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრებოდა, რამდენადაც ეს მისთვის შესაძლებელი იქნებოდა. როგორც მუსიკოსი და პოეტი აცხადებს, მისთვის დაუჯერებელია, თვალი გაუსწოროს იმ ფაქტს, რომ ნობელის პრემიის ლაურეატია. დილანის თქმით, ნობელის პრემიის გადაცემამ მას “მეტყველების უნარი წაართვა”.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილოება შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში 2016 წლის 10 დეკემბერს გაიმართება. გამარჯვებულებს პრიზებს შვედეთის მეფე კალ გუსტაფ XVI გადასცემს.

მასალების გადაბეჭდვის წესი