ლიტერატურული პრემია „ლიტერა 2025“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
საკონკურსოდ განიხილებოდა 2024 წელს ქართულ ენაზე პირველად გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებები 6 ნომინაციაში: წლის საუკეთესო დებიუტი, წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა, წლის საუკეთესო პოეტური კრებული, წლის საუკეთესო პროზაული კრებული, წლის საუკეთესო რომანი, პენ საქართველოს სპეციალური პრიზი.
გამარჯვებულები გახდნენ:
წლის საუკეთესო დებიუტი — პრემია გაიყო ორ ნომინანტს შორის და გამარჯვებულები არიან თინათინ ნოღაიდელი რომანით „ულვაშები“ და ნიქო გორგილაძე პოეტური კრებულით „აქ მიპოვი“
წლის საუკეთესო პოეტური კრებული — თამთა დოლიძე, „მხოლობითი რიცხვი“
წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა — ანა მარგველაშვილი, წიგნით „წერილები მეფეს“
წლის საუკეთესო პროზაული კრებული — არმაზ ბეკარი [რეზო ჯორბენაძე], წიგნით „მშვიდობით სომერსეტ!“
წლის საუკეთესო რომანი — ნოდარ ლადარია, „ელი! ელი!“
პენ საქართველოს სპეციალური პრიზი — ზვიად რატიანი
გამარჯვებულების მნიშვნელოვანი ნაწილი, 4 მათგანი, ემიგრანტია, თინათინ ნოღაიდელი, ნიქო გორგილაძე, ანა მარგველაშვილი, არმაზ ბეკარი.
კონკურსში გამარჯვებულები ჟიურის ხუთმა წევრმა გამოავლინა, მწერლებმა- ინა არჩუაშვილმა, რუსუდან რუხაძემ, ალექს ჩიღვინაძემ, ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, ნანა აბულაძემ, რომელთა ვინაობა დაჯილდოებამდე კონფიდენციალური იყო. საკონკურსოდ შემოსული 77 წიგნიდან ჟიურიმ 25 ფინალისტი შეარჩია.
კონკურსის ფინალისტების სრული სიის სანახავად, მიჰყევით ბმულს.
„ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დააარსა „მწერალთა სახლმა“ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ. თუმცა 2021 წლიდან, „როცა მწერალთა სახლის ჟიურის მუშაობაში უხეშად ჩაერია კულტურის და სპორტის სამინისტრო, მწერლების უმეტესობამ პრემიას ბოიკოტი გამოუცხადა. მას შემდეგ „ლიტერას“ საქართველოს პენცენტრი გასცემს. ამ მოვლენების გამო “ლიტერა” იქცა თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების და ცენზურასთან ბრძოლის სინონიმად“, — ნათქვამია კონკურსის დაჯილდოებამდე გავრცელებულ განცხადებაში.
ყველა შესავალი სიტყვა, ნომინანტებისა და გამარჯვებულების წარდგენა, თავად გამარჯვებულების სიტყვა ქვეყანაში არსებული მოვლენების გამოძახილი და პროტესტის ძირითადი გზავნილების მატარებელი იყო.
„არ გვეზეიმება, საზეიმო დაჯილდოება ეს არ არის. ამის ახსნა აქ მყოფ საზოგადოებასთან არ გვჭირდება. ზვიად რატიანი არ არის ჩვენ გვერდით. მზია ამაღლობელიც არ არის ჩვენს რიგებში. რუსთაველის გამზირიდან ბექა ქურხული და ზვიად კვარაცხელიაც მოგვტაცეს, მაგრამ დაგვიბრუნდნენ. ვიფიქრეთ ისიც, ჩაგვეტარებინა თუ არა დაჯილდოება საერთოდ, მაგრამ მაინც ვფიქრობთ, რომ იმ სირთულის პარალელურად, რასაც ყველა ჩვენგანი გავდივართ, მნიშვნელოვანია, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ცხოვრება. ვიდგებით იქ, სადაც ქარიშხალია“, — ეს ამონარიდებია ნატა ლომოურისა და ხათუნა ცხადაძის სიტყვებიდან, რითაც მათ დაჯილდოება გახსნეს.
„მწერლების ნაწილი ემიგრაციაში მიდის და ნაწილი ციხეში, ძნელი იყო ამ საქმეზე კონცენტრირება“, — აღნიშნა ნანა აბულაძემ, სანამ დაასახელებდა გამარჯვებულებს ნომინაციაში „წლის დებიუტი“.
„ვსაუბრობთ ქართულ პოეზიაზე და ჩემი საყვარელი პოეტი, ზვიად რატიანი ციხეშია. სილა, რომელიც მან გააწნა პოლიციელს, იყო ქართული პოეზიის სახელით და ვუცხადებ მას სოლიდარობას სწორედ ქართული პოეზიის სახელით“, — აღნიშნა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, სანამ საუკეთესო პოეტურ კრებულს დაასახელებდა.
„შეუძლებელია დღეს არ ღელავდე. მივესალმები აქედან ზვიად რატიანს. მოვიკითხავ ჩემი მრავალი წლის მეგობარს, რომელიც თავის პოზიციას კიდევ დაიცავს“, — ეს ინა არჩუაშვილის სიტყვებია საუკეთესო დოკუმენტური პროზის გამოცხადებისას.
„ლიტერას გზა პროტესტის ისტორიაა. თუკი რამეს შეეხო პირველად ოლიგარქია და მისი დამორჩილება სცადა, ეს იყო ლიტერა. მაგრამ დავდექით ერთად და გადავარჩინეთ. დღეს როცა ციხეშია მწერალი, ჟურნალისტი, ხელოვანი, დღევანდელი ჩვენი შეკრებაც პოლიტიკური აქტია“, — თქვა რუსუდან რუხაძემ, სანამ საუკეთესო პროზაულ კრებულს გაგვიმხელდა.
„ყოველდღე მძიმე დანაშაულები ხდება, ამ დროს კი სახელმწიფო, უფრო სწორად, ის, რაც დარჩა სახელმწიფოსგან, აპატიმრებს კინორეჟისორ გიორგი მრევლიშვილს, საკუთარი შვილის თვალწინ, როგორც წინა დღეებში ზვიად კვარაცხელია და ბექა ქურხული დააპატიმრეს. აპატიმრებენ მათი კონსტიტუციური უფლებებისთვის და ამას გვასაღებენ სამართლიანობად“, — თქვა ალექს ჩიღვინაძემ საუკეთესო რომანის დასახელებამდე.
„თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს, თავისუფლება მზია ამაღლობელს. სოლიდარობა ყველა დევნილს სიმართლისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყოველდღე რუსთაველზე დგას“, — ეს იყო მთავარი სათქმელი გამარჯვებულებისგან და მათი გამომცემლებისგან ჯილდოს მიღებისას.








