ხუთი გამოკითხული “ქრისტიან-დემოკრატებიდან” ოთხმა თქვა, რომ მისი მისაბაძი პოლიტიკოსი გიორგი თარგამაძე და ინგა გრიგოლიაა, ერთმა დაასახელა ზურაბ ჟვანია.
ისინი ყველანი ახალგაზრდები არიან, თუმცა დღეს სხვადასხვა პოლიტიკურ ფლანგზე “იბრძვიან”.
ბათუმში, კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთაში გაწევრიანებულები, ძირითადად, სტუდენტები არიან. კითხვაზე – რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანება, სტუდენტები პასუხობენ, რომ მიზეზი სწავლის მაღალი გადასახადი გახდა.
„ჩემთვის ძალიან მტკივნეულია დღევანდელი სტუდენტური ცხოვრება, კერძოდ, სწავლის მაღალი ფასები. უსახსრობის გამო ბევრი სტუდენტი სწავლას ვერ აგრძელებს. ჩემი პარტიაში მოსვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ სწავლის მაღალი ფასებია,” – ამბობს მარიამ გურგენიძე.
კითხვაზე, გიცდიათ თუ არა პრობლემის საუნივერსიტეტო სივრცეში მოგვარება, მარიამი პასუხობს: „ბევრჯერ გაგვიპროტესტებია, მაგრამ პასუხი, სამწუხაროდ, ვერ მიგვიღია” და აზუსტებს, რომ მისთვის „ქართული ოცნება” არის მომავლის იმედი: „ქართული ოცნება ასოცირდება ნათელ მომავალთან და კარგ განათლებასთან“.
სტუდენტია კოალიციის ახალგაზრდული ფრთის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი აკაკი გვიანიძეა. ის პარტიაში წასვლის გადაწყვეტილებას ასე ხსნის: „ქართული გენის მკვლელობის მცდელობა – ეს იყო მიზეზი, რის გამოც პარტიაში წავედი.”
აკაკი ამბობს, რომ პარტია ბოლო ნაბიჯი იყო მის საზოგადოებრივ საქმიანობაში. იყო სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, შექმნილი ჰქონდა სტუდენტურ-ახალგაზრდული ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“.
“ქრისტიან-დემოკრატიული” მოძრაობის ბათუმის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი მაგდა ქობულაძე პარტიაში მისვლამდე რაიმე სამოქალაქო აქტივობაში ჩართული არ ყოფილა. პარტიაში გაწევრიანება კი მეგობრების გავლენით გადაწყვიტა.
„პარტიის ღირებულებები, იდეოლოგია მომწონდა. აქ ჩემი მეგობრებით დაკომპლექტებული გუნდი მუშაობს. სწორედ მათი გავლენით მოვედი,” – ამბობს მაგდა.
ახალგაზრდა “ქრისტიან-დემოკრატების” წევრი თამაზ მჟავანაძე პარტიაში მისი დაარსების დღიდანაა გაწევრიანებული. კითხვაზე,
რატომ მიიღო პარტიაში გაწევრიანების გადაწყვეტილება, თამაზი პასუხობს:
„იმიტომ, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა არის ის გუნდი, ვისაც სწამს ღმერთი, უყვარს სამშობლო და პატივს სცემს ადამიანებს. ეს არის მთავარი იდეოლოგია, კრედო, რის გამოც მე მივიღე ეს გადაწყვეტილება.”
კითხვაზე, გყავთ თუ არა მისაბაძი პოლიტიკოსი, თამაზ მჟავანაძე პასუხობს: „იყო ქრისტიან-დემოკრატებში და არ გყავდეს მისაბაძი პოლიტიკოსი, რომლებმაც შექმნეს ეპოქა, როგორც ჟურნალისტიკაში, ასევე პოლიტიკაში, შეუძლებელია. გიორგი თარგამაძე – ეს არის ყველა ახალგაზრდის მისაბაძი პოლიტიკოსი, მისი გამოცდილება და ცხოვრების გზა,” – ამბობს ის.
ყველაზე რთული “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წევრების ჩაწერა აღმოჩნდა. „ქართული ოცნებისა” და „ქრისტიან-დემოკრატების” წევრებს მათსავე ოფისებში შევხვდით, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” შემთხვევაში სატელეფონო კომენტარები ჩავწერეთ. მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში არაერთგზის მივედით, იქ ახალგაზრდებთან გასაუბრება ვერ მოხერხდა. ბოლოს რამდენიმე აქტივისტის ჩაწერა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის დახმარებით მოვახერხეთ. კირთაძე თავადაც ახალგაზრდად მიიჩნევს თავს და თემის გაცნობის შემდეგ ამბობს, რომ ის კარგი რესპონდენტი იქნება.
„ახალგაზრდებს თუ ეძებთ, მე ჩამწერეთ, აქ ვარ,” – გვითხრა გიორგი კირთაძემ. პოლიტიკაში კირთაძე უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარეობიდან მივიდა. თუმცა სტუდენტური თვითმმართველობა ტრამპლინი მარტო მისთვის არ გამხდარა, ბათუმში საჯარო სტრუქტურებში დასაქმებული პირების ნაწილმა თავისი კარიერა სწორედ სტუდენტური თვითმმართველობიდან დაიწყო.
თვითმმართველობის წევრები არიან “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები გიორგი იაკობაძე და თომა ხალვაში.
„ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი ვარ წელიწადზე მეტია. ჩემი მთავარი მიზანი “ნაციონალურ მოძრაობაში” მისვლისა იყო ის, რომ მომწონს ის კურსი და ის ხედვა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის წევრები ატარებენ და ის ცვლილებები, რაც განხორციელდა ქვეყანაში,” – ამბობს გიორგი.
პარტიამდე მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარეობით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრობით შემოიფარგლებოდა.
„რა აქტიურობაც მე მქონდა განვლილი უნივერსიტეტში, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში, სტუდენტობისა და
მოსწავლეობის დროს, დაგროვდა და მოხდა ისე, რომ უნდა გამეკეთებინა არჩევანი, რომ უფრო მეტად წარმატებული ვყოფილიყავი,
არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ჩემი ოჯახისათვის, ჩემი ქალაქისათვის, ჩემი ქვეყნისათვის. პარტიაში, რომლის მხარდამჭერი და აქტივისტიც ვარ, დავინახე ბევრი კარგი გაკეთებული საქმე. 2003 წლის შემდეგ აღარ იყო საქართველოში კორუფცია, აღარ იყო საშიში ცხოვრება, ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, რომ ყველა ადამიანს შეეძლო უნივერსიტეტში ჩარიცხულიყო, განათლება მიეღო და წინ წასულიყო. ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი,“ – ამბობს გიორგი. თუმცა თავის მომავალს პარტიასა და პოლიტიკაში ვერ ხედავს.
„ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ის, რომ მე ვიყო ჩემი საქმის პროფესიონალი,“ – ამბობს ის.
„მიზეზი იყო უდიდესი ინტერესი. მაინტერესებდა ის კურსი, რომელსაც ატარებდა იმ დროისთვის და ახლაც, ნაციონალური მოძრაობა,” – ასე ხსნის პარტიაში გაწევრიანების გადაწყვეტილებას “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი აქტივისტი თომა ხალვაში.
კითხვაზე, რას საქმიანობს პარტიაში, თომა პასუხობს: „მე ვარ ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტი, უბრალოდ აქტივისტი“.
იღებენ თუ არა დაფინანსებას აქტივისტები პარტიებისაგან? კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ბათუმის ორგანიზაციის ლიდერი აკაკი გვიანიძე ამბობს, რომ მათ აქტივისტებს არც ერთი თეთრი არ მიუღიათ პარტიიდან. „ყველაფერი საზოგადოებრივ საწყისებზეა,“ – ამბობს აკაკი.
“ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენელ მაგდა ქობულაძის თქმით, ის და პარტიის სხვა აქტივისტები პარტიიდან რაიმე სახის დაფინანსებას არ იღებენ.
დაფინანსების არარსებობაზე საუბრობენ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებიც.
„პარტიაში, ჩემს დონეზე, როგორც მე ვარ, არანაირ თანხას არ ვიღებთ, დაფინანსება არ აქვს არც იმ ბიჭებს და გოგონებს, რომლებიც ჩემთან ერთად არიან,“ – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი გიორგი იაკობაძე.
სხვადასხვა პარტიაში გაწევრიანებული ახალგაზრდები ამბობენ, რომ ერთმანეთთან ნორმალური დამოკიდებულება აქვთ.
„ნორმალური ურთიერთობა მაქვს, ბევრს უნივერსიტეტიდან ვიცნობ. მე მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი აზრი,
საკუთარი შეხედულება ყველაფერზე, მათი შეხედულება, მათი არჩევანი და მათი გზა არის იმ პარტიაში, იმ გზით წასვლა მომავალში. ვერავის ვერ აუკრძალავ ვერაფერს,“ – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი გიორგი იაკობაძე.
„როდესაც რაღაც საერთაშორისო ტრენინგები იმართება, იქ ვხვდები ხოლმე სხვა პარტიების წარმომადგენლებს. ვისაც ვიცნობ,
მათთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, კარგი გამარჯობა. ყველას თავისი მოსაზრება აქვს,“ – ამბობს მაგდა ქობულაძე “ქრისტიანდემოკრატიული” მოძრაობიდან.
მსგავსი პოზიცია აქვთ კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრებს.
რადიო „თავისუფლების“ ახალგაზრდული პროგრამის წამყვანი, ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე ახალგაზრდების პოლიტიკით დაინტერესების რამდენიმე მიზეზზე საუბრობს:
„ერთ-ერთზე შემიძლია გავამახვილო ყურადღება. ზოგიერთი ადამიანი ბუნებით პოლიტიკოსი იბადება და უნდა, რომ ამ საქმეში იყოს ჩართული. საქართველოში, ალბათ, პოლიტიკამ ჩაანაცვლა შოუ-ბიზნესი. პოლიტიკოსები არიან ის ადამიანები, რომლებიც დადიან სხვადასხვა გადაცემაში, ჰყავთ ლამაზი ცოლები, კარგად ცხოვრობენ. რატომ შეიძლება მოგინდეს ადამიანს, გახდე მსახიობი ან მომღერალი? – რომ იყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რომ ვიღაცებს მოსწონდე. პოლიტიკა, ალბათ, ამის საშუალებას გაძლევს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მიზეზები შეიძლება იყოს განსხვავებული. ვიღაც პროტესტის გამოც მიდის, მაგრამ არა – უმეტესობა. პროცესია ასეთი – თუ გახვედი და ხალხი გაიცანი, მერე ეს საშუალებას გაძლევს, რომ უფრო მარტივად იცხოვრო. ბევრი არაფერი მოგეთხოვება, უნდა იყო იმ პარტიის ერთგული, რომელსაც წარმოადგენ და საბოლოო ჯამში მოგხედავენ,“ – ამბობს ნიკო ნერგაძე.
შეიცვალა თუ არა საქართველოში ახალგაზრდების პოლიტიკაში მოსვლის მოტივაცია წლების მანძილზე? ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ დღეს პოლიტიკა არჩევანია:
“90-ანებში სირცხვილი იყო, თუ სამშობლო არ გიყვარდა. ჩვენ გვაქვს შეგრძნება, რომ 9 აპრილს, როცა იქ ვიდექით, ჩვენ ვიყავით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით და ასევე, გვაქვს პრეტენზია თბილისელების იმ ნაწილისადმი, ვინც იქ არ იყვნენ, რომ ისინი იქ უნდა ყოფილიყვნენ. დღეს ახალგაზრდა არჩევანს აკეთებს, როდესაც პოლიტიკაში მოდის. შეიძლება არ მოვიდეს მიტინგზე და ვერავინ
შეარცხვენს, რატომ არ იყავიო. ვერავინ ვერაფერს მოგთხოვს, მაშინ იყო მისჯილი იქ ყოფნა. ქართველი ხარ ე.ი. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უნდა იბრძოლო.
დღეს გაქვს არჩევანი, რომელ მხარეს იბრძოლო, თუმცა დღეს გაცილებით უფრო უჭირთ არჩევანის გაკეთება. ადრე მათ მაგივრად არჩევანი გააკეთეს მშობლებმა, ქართულმა ლიტერატურამ, ლიტერატურის მასწავლებლებმა და საზოგადოებამ. დღეს ამ არჩევანს ახალგაზრდა აკეთებს თვითონ,“ – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.