ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ გუბაზ სანიკიძესთან კონსულტაციებს მართავს

11 ნოემბერი, 2016 • 1465
ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ გუბაზ სანიკიძესთან კონსულტაციებს მართავს

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გუბაზ სანიკიძესთან კონსულტაციებს მართავს, თუმცა, რა სახის თანამშრომლობას ჩამოაყალიბებენ, ამაზე ჯერ არაფერს ამბობს.

აღნიშნული განცხადება ნინო ბურჯანაძემ, “დემოკრატიული მოძრაობის” ხელმძღვანელმა, დღეს, 11 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“კონსულტაციები ალბათ უფრო გაღრმავდება. რა ფორმატს მიიღებს ის მომავალში, შევხედოთ. მაგრამ მე გიდასტურებთ, რომ ჩემთვის გუბაზ სანიკიძესთან თანამშრომლობა და კონსულტაციები მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა”, – ამბობს ბურჯანაძე.

კითხვაზე, რა ტიპის თანამშრომლობა ექნება სანიკიძესთან, პარტიის წევრი გახდება თუ არა, ამაზე ბურჯანაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება გუბაზ სანიკიძემ უნდა მიიღოს.

“გადაწყვეტილება თავად გუბაზ სანიკიძემ უნდა მიიღოს. რა ფორმით და ვისთან როგორ ითანამშრომლებს, ყველაფერს თავის დროზე შეიტყობთ… ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს, ადამიანური. წლებია, ჩვენ ოჯახებით ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია ამ ტაპზე, ჩვენ გვაქვს ერთნაირი ხედვა ქვეყნის დღევანდელი პრობლემების, ასევე სამომავლო განვითარების თაობაზე. რა ფორმას მიიღებს ეს თანამშრომლობა, მოდით, ამაზე გუბაზ სანიკიძე გიპასუხებთ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღეს, 11 ნოემბერს გუბაზ სანიკიძემ, რომელიც “ეროვნულ ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი 10 წლის განმავლობაში იყო, პარტია დატოვა. სანიკიძემ პარტიის დატოვების მიზეზად “სერიოზული პირადი მოტივაცია” დაასახელა. იგი აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ გეგმავს.

გუბაზ სანიკიძე იყო მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკით – “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში “ეროვნულმა ფორუმმა” ვერ გადალახა ბარიერი და პარლამენტს მიღმა დარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი