ახალი ამბები

გუბაზ სანიკიძემ “ეროვნული ფორუმი” დატოვა, მაგრამ პოლიტიკაში რჩება

11 ნოემბერი, 2016 • 2218
გუბაზ სანიკიძემ “ეროვნული ფორუმი” დატოვა, მაგრამ პოლიტიკაში რჩება

“ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან დღეს, 11 ნოემბერს გამართულ ბრფინგზე გააკეთა.

გუბაზ სანიკიძე 10 წლის განმავლობაში “ეროვნული ფორუმის” ლიდერი იყო.

სანიკიძემ პარტიის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ქართული ოცნების მიერ საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ განვითარებული მოვლენებით ახსნა. მისივე განცხადებით, სურს, ხელი შეუწყოს პარლამენტს მიღმა დარჩენილი ოპოზოციური სპექტრის გაერთიანებას.

სანიკიძე პოლიტიკურ კონსულტაციებს გამორიცხავს ორ პოლიტიკურ ძალასთან: ნაციონალურ მოძრაობასთან და ქართულ ოცნებასთან. მისი თქმით, ყველა დანარჩენთან აქვს ან ექნება ურთიერთობა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

“ჩვენთან ჩატარდა არჩევნები, სადაც იქნა არჩეული ახალი პარლამენტი, ქვეყანამ მიიღო დეი ურე ორპარტიული სისტემა, მაგრამ დე ფაქტო ეს არის ერთპარტიული სისტემა. ჩემი აზრით, ქვაყანაში მოხდა უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება. ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ მოახერხეს ის, რისი სურვილიც ჰქონდათ. დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს აბსოლუტური უმრავლესობით მართვა. “ქართულმა ოცნებამ” აიღო პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე. პრობლემა არ არის –  ის პასუხს აგებს ქვეყნის წარმატებებზე მთლიანად და წარუმატებლობებზეც. არ ვარ მაინცდამაინც ოპტიმისტურად განწყობილი. გამოწვევები ბევრია, ძლაიან ბევრი საინტერესო რამ მოხდება საქართველოში და საქართველოს გარეთ, რომელიც უშუალოდ შეგვეხება ჩვენ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამერიკაში არჩევნები, რომელმაც დაადასტურა  ერთი ძალაინ დიდი რამ: ქვეყანაში დაიწყო დიდი პროცესი. პირადად მე, გუბაზ სანიკიძე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაც საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება დაიწყო, ვარ ამ საქმეში. 10 წლის განმავლობაში მე ვიყავი ეროვნული ფორუმის წევრი და ლიდერი. ვთვლი, რომ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გარკვეული ხარვეზები დაუშვა. გადაფასებები უნდა მოხდეს. საინტერესო პროცესები დაიწყო ოპოზიციურ სპექტრში.

დღეს მე ვიღებ გადაწყვეტილებას, პირადად მე დავტოვო “ეროვნული ფორუმის” რიგები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვტოვებ ქართულ პოლიტიკას, პირიქით, ვრჩები. მაქვს ძალიან სერიოზული პირადი მოტივაცია, ვთვლი, რომ ქვეყანას აქვს სერიოზული გამოწვევები, ვთვლი, რომ პარლამენტს მიღმა დარჩენილ ოპოზიციურ სპექტრს აქვს  სერიოზული საშინაო დავალებები და მიმაჩნია, რომ ამ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა უნდა მივიღო. გარკვეული დრო სჭირდება გადაფასებას, შეფასებას, საკითხების გადახალისებას,  მე ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური გაერთიანებების და დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას,”- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძე იყო მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკით – “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში “ეროვნულმა ფორუმმა” ვერ გადალახა ბარიერი და პარლამენტს მიღმა დარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი