ახალი ამბები

ვინ გახდა ივანიშვილის კომპანიის მფლობელი

7 აგვისტო, 2012 • • 1332
ვინ გახდა ივანიშვილის კომპანიის მფლობელი

შპს “ბურჯის” ქონება, რომელიც კოალიცია “ქართული ოცნების” შემადგენელი პარტიებისთვის სატრანსპორტო საშუალებების მიქირავებისა და ოფისების გარემონტების გამო, სასამართლომ უკანონო შემწირველად სცნო, 2012 წლის 26 ივლისს აუქციონზე გაიტანა გასაყიდად აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

 

იმავე დღეს, 26 ივლისს, საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ახალი კომპანია – შპს “გამა”. სწორედ აღნიშნულმა ფირმამ შეიძინა 8 761 513.55 ლარად შპს “ბურჯის” ქონება 2 აგვისტოს.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ბესიკ ლილუაშვილის თქმით, “გამამ” თანხა 6 აგვისტოს სრულად გადაიხადა, რის შემდეგაც “ბურჯის” ქონებას ახალი მფლობელი გამოუჩნდა.

 

“ბურჯის” ახალი მფლობელი – შპს “გამა”, თავის მხრივ, ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის – სს T.A. INMOBILIARE-ის საკუთრებაშია.

 

ოფშორული კომპანიის წარმომადგენელი და “გამას” დირექტორი გიორგი ყავლაშვილია, რომელიც ორი თვის წინ ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” გარშემო გაჩაღებულ დავაში მონაწილეობდა.

 

2012 წლის მაისში ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” 65%-იანი წილის მფლობელი ვასილ კობაიძე გახდა, რომელმაც დირექტორობიდან გაათავისუფლა დავით ზილფიმიანი, ასევე, ამ უკანასკნელს დაუყადაღეს საკუთარი წილები როგორც “პირველ სტერეოში”, ისე “სტერეო პლიუსში”. ზილფიმიანი ღიად აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ უკანონობა ხორციელდებოდა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ ტელევიზიასთან, “მე-9 არხთან” შესაძლო თანამშრომლობის გამო, პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილისა და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის მეშვეობით. აღნიშნულ პროცესებში კობაიძის წარმომადგენელი სწორედ გიორგი ყავლაშვილი გახლდათ.

 

ყავლაშვილი და მისი საადვოკატო ბიურო მონაწილეობდა გასულ წელს კიდევ ერთ სკანდალურ და რეზონანსულ საქმეში: 2011 წლის ზაფხულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ფოტორეპორტიორებმა, მას შემდეგ, რაც მათ დაკავებას საზოგადოების მხრიდან ორგანიზებული პერმანენტული მხარდასაჭერი აქციები მოჰყვა, მოულოდნელად უარი განაცხადეს მათი დამცველი ადვოკატების მომსახურებაზე. ამის შემდეგ ირაკლი გედენიძისა და ნათი გედენიძის ადვოკატობა ყავლაშვილის საადვოკატო ბიუროს ადვოკატმა ცოტნე ცანავამ იკისრა, ხოლო ზურაბ ქურციკიძის დაცვა კი თავად ყავლაშვილმა აიღო საკუთარ თავზე. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორები სასამართლომ საპროცესო გარიგების შედეგად გაათავისუფლა.

 

ზოგადად, ყავლაშვილის საადვოკატო საქმიანობაში, რომელსაც არაერთი რეზონანსული საქმე უკავშირდება, ხშირია შემთხვევები, როდესაც სამართლებრივი დავა პროკურატურასთან საპროცესო გარიგებით სრულდება ხოლმე.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, 203 ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან ერთად, „ბურჯის“ ქონებიდან  გაყიდულია– ახვლედიანის #211-ში მდებარე 12 ათასი კვ.მ ფართი; თბილისში, სამგორის ჩიხი #14-ში მდებარე სასაწყობე ფართი 9 ათას 43 კვადრატული მეტრი; საჩხერეში მდებარე 2300 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 30 კვ.მ შენობა; საჩხერეში – ფეიქართა გორაზე 1990 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; საჩხერეში – ფეიქართა გორაზე 70 კვ.მ მიწის ნაკვეთი; თბილისში, სოლოლაკის ხეივანი #6-ში მდებარე 473 კვ.მ შენობის ფართი; თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის #42-ში მდებარე 10 ათას 482 კვ.მ მიწის ფართობი.

გიორგი ყავლაშვილი
გიორგი ყავლაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი