ახალი ამბები

EMC-მ ომბუდსმენს მიმართა, ბათუმში მეჩეთის აშენების საკითხი დისკრიმინაციის კუთხით შეისწავლოს

1 ნოემბერი, 2016 • 1507
EMC-მ ომბუდსმენს მიმართა, ბათუმში მეჩეთის აშენების საკითხი დისკრიმინაციის კუთხით შეისწავლოს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის სახელით, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე, სახალხო დამცველის წინაშე განაცხადი წარადგინა.

განაცხადში EMC მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დიდი მასშტაბის უძრავი ქონების გადაცემის არასეკულარული პრაქტიკის პირობებში, რომელიც რეალურად რესტიტუციის პოლიტიკის მიღმა მიმდინარეობს, მუსლიმი თემისთვის ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემაზე ფაქტობრივი უარი ნათლად წარმოაჩენს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ქართველი მუსლიმი თემის მიმართ სახელმწიფოს განსხვავებულ მოპყრობას. განმცხადებელი უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტურ გადაწყვეტილებებზე და ამტკიცებს, რომ უძრავი ქონების გადაცემის დისკრეციული უფლებამოსილების გადაცემის დროს არსებითია, სახელმწიფომ განუხრელად დაიცვას თანასწორობის პრინციპი, არ მოახდინოს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში კონკრეტული ჯგუფების თვითნებური პრეფერენცირება.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის მიზნით მუსლიმი თემისთვის უძრავი ქონების გადაცემაზე სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების (საქართველოს მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს) ფაქტობრივ უარს განმცხადებელი დისკრიმინაციულ მოპყრობად განიხილავს და სახალხო დამცველს ადეკვატური რეკომენდაციის გაცემასა და კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის მექანიზმების გამოყენებას სთხოვს, აცხადებს EMC.

EMC უთითებს, რომ მთავრობის მიერ ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემაზე უარი და სანაცვლოდ სამმართველოსთან არარეალისტურ და არარელევანტურ ალტერნატივაზე შეთანხმება, მათ შორის, სამმართველოსთვის ბათუმში ახალი მეჩეთის სანაცვლოდ მედრესეს და რეზიდენციის შენობების გადაცემა, ორთა ჯამეს ისტორიული შენობის რეკონსტრუქციისა და გაფართოების ინიციატივა, არ ხსნის ახალი მეჩეთის მშენებლობის რეალური საჭიროების საკითხს და პირიქით, მთავრობის ეს ქმედებები პრობლემის გადაფარვის და მისი გადაჭრის გაჭიანურების მცდელობებია. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მიერ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე გაკეთებული საჯარო დაპირების მიუხედავად, სახელმწიფოს ამდენი ხნის განმავლობაში არ წარმოუდგენია მისი უმოქმედობის დამაჯერებელი, სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესით გამყარებული დასაბუთება.

EMC სთხოვს სახალხო დამცველს, განსახილველი საქმე მუსლიმი თემის მიმართ ზოგადი დისკრიმინაციული გარემოს კონტექსტში განიხილოს და გადაწყვეტილების მიღების დროს გაიაზროს  მისი პრევენციული მნიშვნელობა.

საინიციატივო ჯგუფი მინიმუმ 12 000 მუსლიმს, მათ შორის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ინდივიდუალურ სასულიერო პირებს აერთიანებს და ორგანიზებულად ცდილობს მეჩეთის მშენებლობის პროცესის მხარდაჭერას.

მასალების გადაბეჭდვის წესი