აღსრულების ბიუროს მონაცემებით, 10 პირის ქონებიდან ნაწილი აუქციონზე გაიყიდა, ნაწილი კი – არა. შესაბამისად, გაუყიდავ ქონებაზე მოგვიანებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული – ჩატარდება განმეორებითი აუქციონი, თუ ქონება გახდება სახელმწიფო საკუთრება.
დღეს გამართულ აუქციონზე გაიყიდა “ეროვნული ფორუმის” წევრების, ავთანდილ დავითაძისა და ლევან ჩიჩუას საცხოვრებელი ბინები. აუქციონზე გასაყიდად ასევე გაიტანეს “თავისუფალი საქართველოს” წევრის, ალექსანდრე შალამბერიძის კუთვნილი კომერციული ფართი, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე. შალამბერიძის ადვოკატი ქეთი ბექაური ამბობს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროსგან არანაირ შეღავათს არ ელის, თუმცა, ვინაიდან ალექსანდრე შალამბერიძის სახელზე სხვა ქონება არ ირიცხება, აღსრულების ეროვნული ბიურო ვერაფერს დააყადაღებს და გაყიდის.
იმის გამო, რომ მათ სახელზე არანაირი უძრავ–მოძრავი ქონება არ ირიცხებოდა, სასამართლომ ვერ დააყადაღა “თავისუფალი საქართველოს” წევრების – გიორგი მოსიაშვილის, ირაკლი ჭუბაბრიასა და ბადრი ცინცქილაძის ქონება. ადვოკატის ინფორმაციით, არანაირი ქონება არ ირიცხება კიდევ ერთი დაჯარიმებულის – გივი რამაზაშვილს სახელზე. რაც შეეხება საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” წევრ ზაალ გოგსაძეს, სასამართლომ დააყადაღა მისი ავტომობილი, რომლის ღირებულებულება, ადვოკატ სანდრო ბარამიძის ცნობით, 1500$–ს არ აღემატება.
აღსრულების ბიუროდან წერილი მიიღო ადიგენში “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა ბიძინა გუჯაბიძემ. წერილში წერია, რომ მას გადასახდელი აქვს 160 ათას 500 ლარი, საიდანაც 150 ათასი დაკისრებული ჯარიმაა, დანარჩენი კი – აღსრულების საფასური. გამომდინარე იქიდან, რომ გუჯაბიძის სახელზე არანაირი ქონება არ ირიცხება, ისიც მათ შორისაა , ვისი საკუთრებაც სასამართლომ ვერ დააყადაღა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 8 ივლისს პოლიტიკური პარტიებისთვის თანხის უკანონო შემოწირულობისთვის 17 პირი, ჯამში, 1 მილიონ 202 ათასი ლარით დააჯარიმა.
ჯარიმა დაეკისრა ეროვნული ფორუმის 7 წევრს: 1. ლეილა ჩქარეული – 20 000 ლარი; 2. მარინა ნადირაძე – 37 500 ლარი; 3. ირმა დავითაძე – 78 365 ლარი; 4. ავთანდილ დავითაძე – 114 192 ლარი; 5. კახა ჩაკვეტაძე – 93 000 ლარი; 6. ლევან ჩიჩუა – 24 987; 7. მაია თანიაშვილი – 24 987.
ჯარიმა ასევე დაეკისრა ”კონსერვატიული პარტიის” 4 წევრს: 1. ბიძინა გუჯაბიძე – 150 000 ლარი; 2. გივი რამაზაშვილი – 80 000 ლარი; 3. გიგა ბუკია – 177 000; 4. დავით ბაციკაძე – 135 000.
დაჯარიმებულთა შორის მოხვდნენ ”თავისუფალი საქართველოს წევრები”: 1. გიორგი მოსიაშვილი – 125 350 ლარი; 2. ირაკლი ჭუბაბრია – 79 145; 3. ალექსანდრე შალამბერიძე – 40 245 ლარი; 4. ბადრი ცინცქილაძე – 40 100 ლარი.
საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაალ გოგსაძე და ის 60 000 ლარით დააჯარიმა. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველ ბეჟან ოდიშვილს კი ჯარიმის სახით 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაჯარიმებულებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს, მაგრამ უშედეგოდ.
აღსრულების ეროვნულომა ბიურომ 2 აგვისტოს უკვე გაყიდა შპს “ბურჯის” კუთვნილი უძრავი ქონება და მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები.
მიმდინარე წლის 12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აუდიტის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე “ბურჯი” “ქართული ოცნებისთვის” მანქანების პრაქტიკულად უსასყიდლოდ მიქირავების გამო დააჯარიმა 11 მილიონ 018 ათას 105 ლარით, მას ასევე გადასახდელად დაეკისრა აღსრულების საფასური 771 ათას 267,35 ლარის ოდენობით.
აღნიშნულის საფუძველზე მიმდიანრე წლის 25 ივლისს აუქციონზე გასაყიდად გავიდა “ბურჯის” კუთვნილი უძრავ–მოძრავი ქონება, რომელთა საბაზრო ღირებულება შეადგენს 10 მილიონ 307 ათას 663 ლარს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულების 50%, შესაბამისად, ,,ბურჯის” ქონების საწყის ფასად დადგინდა 5 მილიონ 153 ათასი 831,5 ლარი. საბოლოოდ, აუქციონზე გამართული ვაჭრობის შემდეგ ეს ქონება 8 მილიონამდე ლარად გაიყიდა.
საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” დღეს გაავრცელა ლონდონში მცხოვრები ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის განცხადება, სადაც წერია, რომ ჩხარტიშვილი აუქციონზე შეიძენს დაჯარიმებულთა ბინებს და შემდეგ მათ პირვანდელ მეპატრონეებს დაუბრუნებს.
“უცხოეთში მცხოვრები ქართველები სულით–ხორცამდე შეგვძრა ყველასთვის სათაყვანებელი ჭაბუა ამირეჯიბის გუშინდელმა განცხადებამ. აშკარაა, რომ პოლიტიკურმა ბრძოლამ საქართველოში ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა. მე მომმართა არაერთმა ქართველმა, წარმატებულმა და შეძლებულმაც და რაც საგულისხმოა, ისეთებმაც, რომლებიც უცხოეთში ლუკმა–პურის საშოვნელად არიან გადახვეწილნი. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, გაეღოთ სახსრები უსამართლოდ გაჭირვებაში ჩავარდნილი ქართველების დასახმარებლად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ამ ადამიანებს მათი მიზნის განხორციელების საშუალება ტექნიკური მაქინაციებით მოუსპო. აღნიშნულის გამო გადავწყვიტე, მივიღო მონაწილეობა აუქციონში, რათა შევისყიდოთ და შემდგომ მეპატრონეებს დავუბრუნოთ აუქციონზე უსამართლოდ გატანილი საცხოვრებელი ბინები”, – აღნიშნულია ჩხარტიშვილის განცხადებაში.