ამის შესახებ დავით ბაქრაძემ 24 ივლისს, აბაშაში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
ბაქრაძის თქმით, ამ კანდიდატურის შესახებ მან პრეზიდენტთანაც ისაუბრა.
თორდიას კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარე ჯერ ბიუროს წარუდგენს, შემდეგ კი ის პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე უნდა დაამტკიცოს.
ლაშა თორდია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური 23 ივლისს გახდა, როცა ყოფილმა ხელმზღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა გადადგომის შესახებ განაცხადა.
“უკანასკნელი ოთხი დღე მე გავატარე ჩემს კახელებთან ერთად, დავინახე, თუ რა ზიანი მიადგა კახეთის მოსახლეობას, ისედაც გაჭირვებაში მყოფ გლეხს. დავინახე, რომ დღეს მათ სჭირდებათ განსაკუთრებული ზრუნვა, განსაკუთრებული თანადგომა და განსაკუთრებული ნუგეში. დღეს ვთვლი, რომ ჩემი შინაგანი განცდა და ვალდებულებაც არის, რომ ამ ძნელბედობის ჟამს გვერდში დავუდგე ჩემს კახელებს და დავეხმარო მათ სტიქიით მიყენებული ზარალის დაძლევაში და ხელშესახები დახმარება აღმოვუჩინოთ მათ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა, ეს შეუთავსებელია ჩემს დღევანდელ თანამდებობასთან და ამიტომ გადავწყვიტე დავტოვო თბილისის კომფორტული, მაღალი თანამდებობა და გვერდში დავუდგე ჩემს კახეთს, ჩემს კახელებს და ჩემს მეგობრებთან ერთად ჩემი მომავალი საქმიანობა დავუკავშირო გაჭირვებაში მყოფ ხალხზე ზრუნვას”, – განაცხადა ბეჟაშვილმა 23 ივლისს.