ბესიკ დემეტრაშვილის თქმით, უგულავამ განაცხადა, რომ არ აპირებს თანამშრომლების გათავისუფლებას და რომ მისი, როგორც მმართველის, მთავარი მიზანია კომპანიების გამართული მუშაობა, მეტი თანხის მობილიზება და ბიუჯეტში გადარიცხვა.
”ქართუ ბანკის” იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალა კახნიაურის თქმით, უგულავას კონტროლის ქვეშ არ მოექცა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ცალკე იურიდიული პირია.
ვლადიმერ უგულავამ, რომელიც აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების – სს ,,ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ის და სს ,,პროგრეს ბანკიის“ აქციათა 21,71450%-ის მმართველად გუშინ, 12 ივლისს დაინიშნა, გუშინვე სს “ბანკი ქართუს” სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი დაითხოვა.
სს “ბანკი ქართუს” გენერალურ დირექტორად ნოდარ ჯავახიშვილის ნაცვლად ირაკლი ზარქუა დაინიშნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს დაკისრებული აქვს ჯარიმის გადახა 74 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოცულობით. ივანიშვილი აღნიშნული თანხის გადახდაზე უარს აცხადებს, რის გამოც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დააყადაღა”ქართუ ჯგუფისა” და “პროგრეს ბანკის” აქციები. აქციები გამოტანილი იქნა გასაყიდად აუქციონზე, თუმცა, იმის გამო, რომ მყიდველი არ გამოჩნდა, აუქციონი ვერ შედგა.
ამის შემდეგ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით.
იძულებითი მართვა გულისხმობს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველის დანიშვნასა და იძულებითი მართვის შედეგად მიღებული თანხებით კრედიტორის ეტაპობრივად დაკმაყოფილებას.
იძულებითი მართვის პროცესის დასრულებამდე იძულებითი მმართველი სარგებლობს მესაკუთრის ყველა უფლებით, ხოლო ქონება რჩება მოვალის საკუთრებაში.
“ქართუ ჯგუფისა” და “პროგრეს ბანკის” აქციების იძულებით მმართველად 12 ივლისიდან ვლადიმერ უგულავა დაინიშნა.