ახალი ამბებისაზოგადოება

თსუ-ში უნივერსიტეტის განვითარების გეგმაზე მუშაობას იწყებენ

3 ოქტომბერი, 2016 • 2079
თსუ-ში უნივერსიტეტის განვითარების გეგმაზე მუშაობას იწყებენ

გია შარვაშიძე უნივერსიტეტის განვითარების გეგმაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ ივ. ჯავახიშვლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  განუცხადა. შარვაშიძის თქმით, საკითხზე სამუშაოდ სპეციალური ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მუშაობას ხუთშაბათს, 6 ოქრომბერს დაიწყებს.

შარვაშიძის განცხადებით, პროცესში ჩართვა ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის სტუდენტებს შეეძლებათ. რექტორის თქმით, გეგმა მის კონცეფციაში ასახულ ძირითად ხედვებს დაეფუძნება:

უპირველესად რაც უნდა მოხდეს, ეს არის კვლევის დაბრუნება სწავლებაში, შერწყმა კვლევისა. ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ჩაერთოს კვლევით საქმიანობაში. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ უნივერსიტეტი გახდეს კვლევით უნივერსიტეტი, გახდეს რეგიონში რეალური ლიდერი.  ამის ტრადიცია აქვს ჩვენს უნვიერსიტეტს, ამის ამბიცია აქვს და, რაც მთავარია, აქვს ამის ინტელექტუალური პოტენციალი,” – ამბობს შარვაშიძე.  

გარდა ამისა, თსუ-ის რექტორის თქმით, საჭიროა უნივერსიტეტმა უზრუნველყოს სასწავლო პროცესის მეტი ბმა დასაქმებასთან და სასწავლო პროცესში შრომითი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინება:

მესამე არის ინტერნაციონალიზაცია. თანამშრომლობა სამეცნიერო ცენტრებთან, თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებთან იმისთვის, რომ მოხდეს ერთობლივი და ერთიანი დიპლომების გაცემა” – ამბობს შარვაშიძე. 

რექტორის განცხადებით, გეგმის შემუშავება და დამტკიცება 3 თვეში უნდა მოესწროს და შეიქმნას გაზომვადი, თანამედროვე დოკუმენტი, რომელიც უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას, განხორციელებული პროექტები შეაფასოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი შარვაშიძე თსუ-ის რექტორად 23 სექტემბერს აირჩიეს.

თსუ-ის რექტორის თანამდებობაზე  აკადემიურმა საბჭომ გიორგი შარვაშიძე  მას შემდეგ აირჩია, რაც უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ  დაკავებული თანამდებობა დატოვა. ვლადიმერ პაპავას გადადგომას წინ უძღოდა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის შიმშილობა მისი გადადგომის მოთხოვნით და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის საპროტესტო აქციები უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატის, უნივერსიტეტში სპეციალური უსაფრთხოების წარმომადგენლების, ასევე, თვითმმართველობის წინააღმდეგ და განათლების ხარისხის გაუმჯობესების მოთხოვნით. თუმცა, თავად პაპავას თქმით, მის გადაწყვეტილებაზე არც ერთი მხარის მოთხოვნებს არ მოუხდენია ზეგავლენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი