ნეტგაზეთი | რკინიგზელები კოლექტიური შრომითი დავის დაწყებას აპირებენ რკინიგზელები კოლექტიური შრომითი დავის დაწყებას აპირებენ – Netgazeti
RU | GE  

რკინიგზელები კოლექტიური შრომითი დავის დაწყებას აპირებენ

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი, საქართველოს რკინიგზაში დასაქმებულების წერილობითი მიმართვის საფუძველზე, 23 მაისს გამგეობის რიგგარეშე სხდომას ჩაატარებს.

პროფკავშირის ცნობით, სხდომაზე განიხილება რკინიგზის ადმინისტრავიასთან კოლექტიური შრომითი დავის დაწყების საკითხი ორი მოთხოვნით, მათ შორის, ხელფასის მატება და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება.

ნეტგაზეთს რკინიგზელთა ახალ პროფკავშირში განუცხადეს, რომ სხდომაზე კოლექტიური შრომითი დავის დაწყების შემთხვევაში, დაიწყება 21-დღიანი შემათანხმებელი პროცედურა, რაც კომპანიის ადმინისტრაციასთან კონსულტაციებსა და მოლაპარაკებებს ითვალისწინებს.

იმ შემთხვევაში, თუ ამ დროის განმავლობაში ვერ მოხერხდება კომპანიის ადმინისტრაციასა და მშრომელებს შორის შეთანხმების მიღწევა, პროფკავშირში არ გამორიცხავენ, რომ მიმართავენ კანონიერი გაფიცვის უფლებას.

პროფკავშირის თანახმად, საქართველოს რკინიგზაში კოლექტიურ ხელშეკრულებებს ვადა 2016 წელს გაუვიდა, მას შემდეგ კი ყოველთვის მოითხოვენ ამ ხელშეკრულებების გაფორმებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ზურაბ მენაღარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან. ელ-ფოსტა: zmenaghare@gmail.com