დღეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 2016 წლის 27 სექტემბერს სოხუმის გათავისუფლების 23 წლისთავს აღნიშნავენ.
“ვულოცავ სოხუმისა და აფხაზეთის ყველა განმათავისუფლებელს, ყველას, ვინც ხელი შეუწყო ჩვენი ქალაქის გათავისუფლებას და აფხაზეთის მთელ ერს აფხაზეთის უახლეს ისტორიაში ყველაზე ნათელ და საამაყო დღეს”, – წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დე ფაქტო რესპუბლიკის დეპუტატი თენგიზ აგრბა.
“ისეთი გრძნობა გაქვს, რომ არ იცი, უნდა გიხაროდეს თუ არა. ვფიქრობ, სწორედ ეს არის გამარჯვების შეგრძნება. მადლობა ჩვენს ძვირფას უფროს თაობას, რომელთაც დაიცვეს ქალაქი, ქვეყანა… მადლობა, რომ საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენების მიუხედავად, იხსენებთ იმ დღეებს და გვიყვებით იმის შესახებ, თუ როგორი იყო ის რთული დღეები საბოლოო გამარჯვებამდე”, – წერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კან ტანია.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რამდენიმე დღის განმავლობაში სოხუმში სხვადასახვა სადღესასწაული ღონისძიება გაიმართება, მათ შორის, დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს აღლუმი.
1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში საომარი მოქმედებების შედეგად ქართულმა მხარემ სოხუმზე კონტროლი დაკარგა. შესაბამისად, დღეს ქართული მხარე სოხუმის დაცემის დღეს აღნიშნავს. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და განცხადებები გააკეთეს. ხელისუფლების წევრთა განცხადებების ძირითადი გზავნილი სინანული და აფხაზური მხარისადმი კვლავ მშვიდობიანი თანაცხოვრების შეთავაზება იყო.
„ეს თარიღი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულია. ჩვენ დაღუპული გმირების მემორიალთან პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომელთაც თავი სამშობლოს შესწირეს. გავიდა 23 წელი ტრაგედიიდან, რომელმაც ძალიან ბევრი ტკივილი მოიტანა როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის. ეს არის მოუშუშებელი ტკივილი ოჯახებისთვის, ახლობლებისთვის, მთლიანად საზოგადოებისთვის. მაგრამ საკმარისი დრო გავიდა, კიდევ ერთხელ დავინახოთ, რომ ამ ომმა არც ერთი მხარისთვის სიკეთე არ მოიტანა. ჩვენ შეგვიძლია, ნგრევის, სისხლისღვრის წარსულს დავუპირისპიროთ მშვიდობიანი, აღმშენებლობის და განვითარების მომავალი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა, შერიგების მინისტრმა.
“დღეს ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვაშუშოთ იარები, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის და მშვიდობიანად და მხოლოდ მშვიდობიანად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანა გამთლიანდეს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და მშვიდობიანად ვიცხოვროთ ყველამ ერთად ძმობაში. ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ აფხაზებთან და ოსებთან ერთად ერთიან ქვეყანაში, ძმობაში და მეგობრობაში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი დღეს”, – ეს განცხადება კი გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.