ახალი ამბები

“ეს იყო ომი ქართველების და აფხაზების წინააღმდეგ” – პრემიერი სოხუმის დაცემიდან 23 წლისთავზე

27 სექტემბერი, 2016 • 1956
“ეს იყო ომი ქართველების და აფხაზების წინააღმდეგ” – პრემიერი სოხუმის დაცემიდან 23 წლისთავზე

სოხუმის დაცემიდან 23 წლისთავზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი.

“დღეს ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვაშუშოთ იარები, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის და მშვიდობიანად და მხოლოდ მშვიდობიანად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანა გამთლიანდეს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და მშვიდობიანად ვიცხოვროთ ყველამ ერთად ძმობაში, ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ აფხაზებთან და ოსებთან ერთად ერთიან ქვეყანაში, ძმობაში და მეგობრობაში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი დღეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, სოხუმის დაცემის დღე საქართველოს უახლეს და არა მარტო უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია.

„ამ ომის შედეგად ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა, ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირია   ქვეყნის შიგნით და გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. მთავარი, რასაც ყველა ჩვენგანი ვაცნობიერებთ, არის ის, რომ ეს იყო ომი ქართველების და აფხაზების წინააღმდეგ და ამ ომს თავშივე არ ჰყავდა მოგებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა დაღუპული მეომრის ხსოვნას დიდ პატივს მივაგებთ. ყველა მათგანი გმირია. სწორედ აფხაზეთის ომში დაღუპულთა გმირობა უნათებდა გზას ქართველ ჯარისკაცებს შემდგომში, კიდევ არაერთი შეიარაღებული კონფლიქტის დროს და სწორედ მათი გმირობა იყო მაგალითის მიმცემი ყველასთვის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების შედეგად 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, რის შემდეგაც აფხაზეთზე საქართველოს იურისდიქცია, ფაქტობრივად, ვეღარ ვრცელდება, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთი, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთი, გამოცხადებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი