ახალი ამბები

ყოფილ კარდიოლოგიურში შესახლებულები ელექტროენერგიის მოთხოვნით შიმშილობას აპირებენ

19 სექტემბერი, 2016 • 1606
ყოფილ კარდიოლოგიურში შესახლებულები ელექტროენერგიის მოთხოვნით შიმშილობას აპირებენ

დღეს, 19 სექტემბერს, თბილისის მერიასთან ყოფილ კარდიოლოგიურ კლინიკაში (სანზონაში, გუდამაყრის #2-ში) მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საცხოვრებელში ელექტროენერგიის შეყვანასა და საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითხოვენ.

“თუ ხვალ არ მოვლენ და არ მოგვხედავენ, ამ გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ ხვალ დავიწყებთ შიმშილობას,”- განაცხადა აქციის მონაწილე თინა აბულაშვილმა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, 130-მდე ოჯახი, რომლებიც ამ შენობაში 2012 წლიდან არიან შესახლებული, 4 წელია მოითხოვს, რომ მთავრობამ მათ საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესოს, თუმცა ჯერ შედეგს ვერ მიაღწიეს.

ყოფილ “კარდიოლოგიურში” შესახლებულების აქცია თბილისის მერიასთან 19.09.2016

ბოლო თვეების მანძილზე ამ ჯგუფმა აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან, როგორც ამ შენობის მესაკუთრესთან, გამართა. მათი მთავარი მოთხოვნა შენობაში ელექტროენერგიის შეყვანა იყო. “თელასი” აცხადებდა, რომ  შენობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფისთვის ამ შენობის საკუთრების უფლების ქონა იყო აუცილებელი. ეკონომიკის სამინისტრო კი ამბობდა, რომ “კარდიოლოგიურის” შენობის მცხოვრებლებისათვის გადაცემის საკითხი მთავრობის სხდომაზე უნდა გადაწყვეტილიყო.

ამ მოთხოვნების საპასუხოდ, 15 აგვისტოს შენობა თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცა, რასაც მერიაშიც ადასტურებენ. “კარდიოლოგიურში” შესახლებულთა განცხადებით, მერია ძალიან აჭიანურებს ელექტროენერგიის შეყვანაზე ნებართვის გაცემის პროცესს და აქციაც სწორედ ამ მიზნით გამართეს.

“არ გვაქვს არც დენი, არც კანალიზაცია, გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ… არიან სოციალურად დაუცველები, დევნილები, უსახლკაროები, ძალიან ბევრი ბავშვია. ბუნებრივ აირზე ლაპარაკიც ზედმეტია. უბრალოდ, დენს ვითხოვთ, რომ ბავშვები სინათლეში მეცადინეობდნენ. მთავრობა შეგვპირდა, რომ შემოგვიყვანდნენ დენს, კანალიზაციის საკითხი მოგვარდებოდა და ფართებს დაგვიმტკიცებდნენ. არაფერი არ გაუკეთებიათ,” – განგვიცხადა აქციის მონაწილე ნინო ჟალაძემ.

ყოფილ "კარდიოლოგიურში" შესახლებულების აქცია თბილისის მერიასთან 19.09.2016

ყოფილ “კარდიოლოგიურში” შესახლებულების აქცია თბილისის მერიასთან 19.09.2016

აქციის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა მონაწილემ, თინა აბულაშვილმა განაცხადა, რომ მას დაურეკა ნაძალადევის გამგეობის აპარატის უფროსმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც დაჰპირდა,  რომ ხვალ ნებართვის შესახებ დოკუმენტი ოფიციალურად ექნებოდათ. ამის შემდეგ აქციის მონაწილეები მალევე დაიშალნენ. ისინი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას ხვალამდე, 20 სექტემბრამდე დაელოდებიან და აცხადებენ, რომ თუ მერიის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგმება, შიმშილობას დაიწყებენ.

“ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, თუ ხვალიდან არ არ მოვლენ და ყურადღებას არ მოგვაქცევენ, მაშინ დავიწყებთ შიმშილობას და მივმართავთ უკიდურეს ზომებს,”- განაცხადა აქციის მონაწილე თინა აგულაშვილმა.

ნეტგაზეთთან საუბრისას ნაძალადევის გამგეობის აპარატის უფროსმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, რომ კარდილოგიურში შესახლებულებთან კომუნიკაცია დიდი ხანია აქვთ და მერიის მხრიდან არსებობს ნება, რომ შენობაში მცხოვრებლებს ელექტროენერგიის მრიცხველები დაუყენონ. თუმცა გიორგი ჩაკვეტაძე დაზუსტებით არ ამბობს, თუ როდის მოხდება ეს.

“ქალაქის მთავრობის დიდი მუშაობის შედეგად ეს შენობა დღეს უკვე არის მერიის ბალანსზე. ამის მიზანი გახლდათ ის, რომ შემდგომში მერიას გაეცა შესაბამისი ნებართვები იმისთვის, რომ ამ ხალხს საყოფაცხოვრებო პირობები შექმნოდა მათ საცხოვრებელ ადგილებზე. აქედან გამომდარე, მერია მზად არის, რომ ამ ადამიანებს მიეხმაროს გამრიცხველიანებაში, როგორც დენთან დაკავშირებით, ასევე გაზიფიცირებასთან დაკავშირებით. არის დარჩენილი პროცედურული ნაწილი, თუმცა ამასთან დაკავშირებით ნება მერიის მხრიდან არსებობს.

ხვალაც ვაპირებთ სამუშაო შეხვედრას ამასთან დაკავშირებით. ამ ადამიანებს ეცოდინებათ კონკრეტული თარიღი, როდესაც მიიღებენ ნებართვას. მუშა პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, ფაქტობრივად, ბოლო ვიზირება არის დარჩენილი ამასთან დაკავშირებით. მათ ექნებათ აუცილებლად ნებართვა წერილობითი სახით. ეს იქნება ხვალ, ორ დღეში თუ სამ დღეში, ამაზე საუბარი არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან,”- განაცხადა მან.

ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, კარლო ლაფერაძემაც არ დააკონკრეტა, თუ როდიდან დაიწყებოდა ყოფილ “კარდიოლოგიურში” ელექტროენერგიის შეყვანის პროცესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი