ახალი ამბები

ივანიშვილი: “მრეწველებს” აშკარად პრორუსული კვალი დაედო

12 სექტემბერი, 2016 • 1656
ივანიშვილი: “მრეწველებს” აშკარად პრორუსული კვალი დაედო

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, “მრეწველებს” აშკარად პრორუსული კვალი ეტყობათ და, შესაბამისად, პარტია მის ფავორიტებში არაა:

“მრეწველები იყვნენ კოალიციის წევრები და, ასე ვთვათ, ძალიან იოლად მიჰყვებოდნენ ძირითად გუნდს, მაგრამ თუ გავიხსენებთ გოგი თოფაძის რამდენიმე განცხადებას, რომელიც ეჭვს იწვევდა მისი პრორუსულობის, შემდეგ ეტაპზე მათ დახვეწეს ეს მიმართულება და აშკარად პრორუსული კვალი დაედო დღეს მრეწველებს. შესაბამისად, ფავორიტებში, “თავისუფალი დემოკრატების” და “რესპუბლიკელების” გვერდით ვეღარ დავასახელებდით”,- განაცხადა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ქუთაისში.

მრეწველთა პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგი თოფაძემ გაზეთთან “საქართველო და მსოფლიო” ინტერვიუს დროს, განაცხადა, რომ  რუსეთი ზესახელმწიფოა და საქართველო მას უნდა მოელაპარაკოს:

“გვეუბნებიან გასაგებად, არ გიღებთ ნატოშიო, მაგრამ ქალბატონი თავდაცვის მინისტრი მილიონობით ადამიანს ატყუებს,  მიგვიღებენო. ჯეიმს აპატურაიმ განგვიცხადა, არ გიღებთ თქვენივე უსაფრთხოების გამოო, მაგრამ, ჩვენში დარჩეს, რაში ენაღვლება დასავლეთს საქართველოს უსაფრთხოება?! უბრალოდ, იმ ხუთმა თვემ, რომელთა განმავლობაშიც რუსეთმა იომა სირიაში და ხმამაღლა აუწყა მსოფლიოს, ისევ დავიბრუნე ზესახელმწიფოს სტატუსიო, ყირაზე დააყენა გეოპოლიტიკა, ე.წ. ერთპოლუსიანი სამყარო მოკვდა. და იმის მაგივრად, ჭკუას ვუხმოთ, დავჯდეთ და რუსებს მოველაპარაკოთ, ხიდაშელი ჯიუტობს და გაჰკივის- ნატოო. ნეტავ, რამის გამკეთებელი იყოს,” – აღნიშნულია “საქართველო და მსოფლიოს” სტატიაში.

2016 წლის აპრილში”მრეწველებმა” საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტიას რეგისტრაცია გაუუქმა, რადგან, მათ პარტიული სია ვერ წარადგინეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი