ახალი ამბები

გოგი თოფაძე: “მრეწველებს” საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვექნება

1 აპრილი, 2016 • 1846
გოგი თოფაძე: “მრეწველებს” საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვექნება

“მრეწველთა” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გოგი თოფაძე ამბობს, რომ პარტია [დამოუკიდებლად] საარჩევნო ბარიერს გადალახავს:

“ჩვენ არერთხელ გაგვიმარჯვია არჩევნებში, როცა 7 პროცენტი იყო ბარიერი. წინა ხელისუფლების დროს რაც ხდებოდა, კარგად მოგეხსენებათ, ტომრებით რომ იყრებოდა ბიულეტენები. არასოდეს არ გვიჭირდა გასვლა, ყოველთვის ვახერხებდით. საკმაოდ ავტორიტეტული პოლიტიკური ძალა ვართ და ჩვენ არ გვექნება ბარიერის გადალახვის პრობლემა,” – აცხადებს თოფაძე და აღნიშნავს, რომ “ბარიერის გადალახვაზე გაცილებით მეტზე ფიქრობენ.”

თოფაძე ამბობს, რომ კოალიციის დაშლის საკითხი თავდაპირველად “მრეწველებმა” დააყენეს:

“იმიტომ დავაყენეთ, რომ კოალიცია თანამოაზრეების გუნდი არის და ჩვენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე განსხხვავებული ხედვა გვაქვს ზოგიერთ ჩვენს კოლეგასთან. ვიყაროთ კენჭი წალ-ცალკე, გამოჩნდება, ვის რა შეგვიძლია, საზოგადოებას რა განწყობა აქვს პარტიების მიმართ. კოალიცია ალბათ მერე შეიკვრება, როგორც ყველგან ხდება.”

კითხვას, განიხილება თუ არა “მრეწველების”,  “ეროვნულ ფორუმის” და “კონსერვატორების” საარჩევნო ბლოკის შექმნა, დეპუტატი პასუხობს:

“არა, ჩვენ არ ვაპირებთ ბლოკის შექმნას, ჩვენ ჩვენი გუნდი გვაქვს, მაჟორიტარებიც გვყავს. მე ვფიქრობ, რომ მარტო, ვფიქრობ კი არა, გადაწყვეტილია – მარტო ვიყრით კენჭს. ”

გოგი თოფაძე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მომხრეა. მისი განმარტებით, საარჩევნო ოლქების დამსხვილება სწორი არ არის, რადგან ყველა რაიონს თავისი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს პარლამენტში:

“მთიულეთში ხალხის ნაკლებობაა, მაგრამ ეს სასაზღვრო ზონაა. მეცნიერები ამბობენ, რომ ეკონომიკური პოტენციალის ნახევარი მთის რეგიონშია და ამ რეგიონების წარმომადგენლის გარეშე დატოვება, მგონი, საქმეს არ წაადგება. არ მიმაჩნია, რომ ეს [ოლქების დამსხვილება] კარგი იქნება, მე ვთვლი, რომ ყველა რეგიონს, პატარა რაიონებსაც უნდა ჰყავდეთ თავისი წარმომადგენელი.”

გოგი თოფაძისგან განსხვავებით, საარჩევნო ბლოკის თაობაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ ასახელებს პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე.  “პირველის” ეთერში საუბრისას მან განაცხადა:

“პარტნიორებთან ერთად, კოალიციაში თუ დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას, მრეწველები თავის ერთგულ ამომრჩეველს, რომელიც ამ 18 წლის მანძილზე ჰყავს, იმედს არ გაუცრუებს. შეიძლება კოალიცია გვქონდეს, შეიძლება დამოუკიდებლად ვიყაროთ კენჭი. ამ მიმართულებით ხვალიდან გავააქტიურებთ მუშაობას,”- აღნიშნა ტყემალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი