ახალი ამბები

1 მაჟორიტარის პარლამენტში შეყვანით პარტიას დაფინანსების მიღების შანსი ექნება – ახალი კანონი

23 აპრილი, 2018 • 2433
1 მაჟორიტარის პარლამენტში შეყვანით პარტიას დაფინანსების მიღების შანსი ექნება – ახალი კანონი

მომდევნო არჩევნებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას ის პარტიებიც მიიღებენ, რომლებიც ვერ გადალახავენ 3%–იან ბარიერს, მაგრამ პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატით ფრაქციის შექმნას შეძლებენ.

აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა 2018 წლის 18 აპრილს  77–ით 4–ის წინააღმდეგ. კენჭისყრაში მონაწილეობა მარტო “ქართული ოცნების” წევრებმა მიიღეს. წინააღმდეგი “ქართული ოცნების” წევრები: თამარ ჩუგოშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინა ფრუიძე და გიორგი მოსიძე იყვნენ.

კანონპროექტის ინიციატორები “სოციალ დემოკრატების” ლიდერი გია ჟორჟოლიანი და “მრეწველების” მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე არიან. “სოციალ–დემოკრატებსა” და “მრეწველებს” მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ფრაქცია შეუქმნა.

კანონპროექტის ავტორები აღნიშნულის კანონად ქცევამდე  ამბობდნენ, მისი მიზანი ხარვეზის აღმოფხვრაა, ხარვეზი კი ისაა, რომ პარტიები დაფინანსებას მხოლოდ პროპორციული სისტემით იღებენ, თუ ისინი 3%–იან ბარიერს გადალახავენ. ავტორები მიუთითებენ, რომ კანონმდებლობის მიხედვით პროპორციულ სისტემას არ აქვს უპირატესობა მაჟორიტარულ სისტემასთან. შესაბამისად, თუ პარტია შეძლებს მაჟორიტარის შეყვანას პარლამენტში და შექმნის ფრაქციას, დაფინანსებას მიიღებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობას” მიაჩნია, რომ ცვლილება ყოვლად გაუმართლებელია, ვინაიდან გარდა იმისა, რომ მხოლოდ ერთ პარტიაზე არის შეგნებულად მორგებული, მნიშვნელოვნად ამცირებს სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად საჭირო სტანდარტს და შეზღუდული სახელმწიფო რესურსის არამიზანშეწონილად გამოყენების რისკებს ზრდის.

“პოლიტიკური გაერთიანებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გამოყოფა მათ მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოპოვებული ამომრჩევლის მხარდაჭერის გამო უნდა ხდებოდეს და არა პარლამენტში პარტიის ერთი წევრის არჩევისთვის, რომელიც შემდეგ ფრაქციას შექმნის”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა ამჟამად პარტიებისათვის სახელმწიფო დაფინანსების მიღების წესის რეფორმაზე მუშაობს, ეს ცვლილება კი უფრო გაუმართლებელს ხდის “ფრაგმენტულ, არაგონივრულ და ვიწროპარტიული ინტერესებით ნაკარნახევ ცვლილებას.”

“არასამთავრობო ორგანიზაცია” ხაზს უსვამს, რომ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, იმის მიუხედავად, რომ 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე 3%-იანი ბარიერი არ გადალახა, (არ მონაწილეობდა არჩევნებში) გაუუქმდა დაფინანსება, ისევ კვალიფიციურ პარტიად ჩაითვლება და აღუდგება სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა ერთადერთმა წარმომადგენელმა 2016 წელს პარლამენტში ფრაქცია შექმნა. მაშინ მრეწველებმა 300 000 ლარი მიიღეს ბიუჯეტიდან.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე  ეს კანონი მოქმედი რომ ყოფილიყო, იმის მიუხედავად, რომ მან ხმების 0.78% მიიღო, პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გაორმაგებულ თანხას – 600 000 ლარზე მეტი ოდენობით დაფინანსებას მიიღებდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ხაზს უსვამს, რომ საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, შემდეგი საერთო არჩევნებისთვის პარტია, რომლის მაჟორიტარი ფრაქციას შექმნის, წარმომადგენლების ხელფასებისა და 50 000 ლარამდე რეკლამის ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობას, ასევე, უფასო სარეკლამო დროის ერთ პორციას მიიღებს.

ცვლილებები “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი