ნეტგაზეთი | ტყემალაძე-თოფაძის ხელფასები მრეწველთა ლიდერების რანგში ბიუჯეტიდან ფინანსდება ტყემალაძე-თოფაძის ხელფასები მრეწველთა ლიდერების რანგში ბიუჯეტიდან ფინანსდება – Netgazeti
Batumelebi | RU

ტყემალაძე-თოფაძის ხელფასები მრეწველთა ლიდერების რანგში ბიუჯეტიდან ფინანსდება

2018 წლის ივლისში პარტიამ “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” სახელმწიფოსგან 92 085 ლარი მიიღო.

ამ თანხიდან შრომის ანაზღაურებაზე 58 688 ლარი დაიხარჯა. პარტიის სხვა თანამშრომლების გარდა, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ერთ თვეში  ლიდერებმა გოგი თოფაძემ და ზურაბ ტყემალაძემ ბიუჯეტიდან ჯამურად 15 438 ლარი მიიღეს ხელფასის სახით.

ივლისში “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ლიდერის, გოგი თოფაძის ანაზღაურებამ 6250 შეადგინა, პარტიის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის ხელფასი კი 9 188 ლარი იყო.

ხელფასის გარდა, საბიუჯეტო თანხა პარტიის ლიდერებმა მივლიnებებზეც დახარჯეს. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ივლისში, კახეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას, თოფაძე – ტყემალაძემ , ჯამში, 2000 ლარი დახარჯეს.

ივლისის თვესთან ერთად, აუდიტის სამსახურს გასაჯაროებული აქვს ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების ფინანსებთან დაკავშირებით, რომელიც 1 – დან 21 აგვისტოს პერიოდს მოიცავს.

პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ” ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი მიიღო. აგვისტოს მოცემულ პერიოდში პარტიის ლიდერმა გოგი თოფაძემ ხელფასის სახით 8750 ლარი აიღო. რაც შეეხება თავმჯდომარეს, ზურაბ ტყემალაძეს, აუდიტის სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ პერიოდში ზურაბ ტყემალაძემ ბიუჯეტიდან ხელფასის სახით 8000 ლარი მიიღო.

პარტია სახელმწიფოსგან დაფინანსებას იმ შემთხვევაში იღებდა, თუ ის  ბოლო საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთ-ერთში მაინც პროპორციული წესით ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 3%-ს მიიღებდა.

2018 წლის აპრილში პარლამენტმა კანონში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” ცვლილებები შეიტანა. ცვლილებებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას ის პარტიებიც მიიღებენ, რომლებიც ვერ გადალახავენ 3%–იან ბარიერს, მაგრამ პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატით ფრაქციის შექმნას შეძლებენ.

კანონპროექტის ავტორები “სოციალ დემოკრატების” ლიდერი გია ჟორჟოლიანი და “მრეწველების” მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე არიან. “სოციალ–დემოკრატებსა” და “მრეწველებს” მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ფრაქცია შეუქმნა.

პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებებით, იმის მიუხედავად, რომ 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე 3%-იანი ბარიერი არ გადალახა, ისევ კვალიფიციურ პარტიად ჩაითვლება და აღუდგება სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა წარმომადგენელმა სხვა დეპუტატებთან ერთად 2016 წელს პარლამენტში ფრაქცია შექმნა. აქედან გამომდინარე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” სახელმწიფო დაფინანსება აქვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან 2021 წლის ივლისამდე.